Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

15:10 12.09.2018
12 აგვისტოს - დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადების საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 12 აგვისტოს - დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადების საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.

 

კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრის, ემზარ კვიციანის მიერ წარდგენილი, “შრომის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი განიხილა, რომლის მიხედვით, უქმე დღეების ჩამონათვალს 12 აგვისტო – დიდგორობა ემატება.

 

ანალოგიური საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს ერთი წლის წინ უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფმაც წარუდგინა, თუმცა განხილვა დღემდე გაჩერებულია. არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზი თურქეთის საელჩოს თხოვნა გახდა.

 

კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვისას ყურადღება სწორედ “ქართული ოცნების“ დეპუტატთა პროექტზე გამახვილდა, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო და შემდგომ პროცესი აღარ გაგრძელდა.

 

როგორც ემზარ კვიციანმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, “საჭირო არ იყო მიკიბ-მოკიბვით იმაზე საუბარი, რომ კანონპროექტი თურქეთის ელჩმა გააჩერა“. პასუხად კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განმარტა, რომ პარლამენტში ინიცირებულმა პროექტმა გარკვეული დიპლომატიური უხერხულობა შექმნა, თუმცა აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს პროექტის გაჩერების ერთადერთი მიზეზი არ იყო. ჯაშის თქმით, ერთგვარი გაუგებრობა და დისკუსია ახალი უქმე დღის დაწესების საკითხმაც გამოიწვია.

 

მარიამ ჯაშმა “შრომის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარესთან და ბიუროს წევრებთან კონსულტაციების გამართვის საჭიროებას გაუსვა გაზი. კომიტეტის სხდომაზე ასევე ითქვა, რომ კანონპროექტის განხილვის პროცესში უნდა ჩაერთონ ისტორიკოსები.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge