Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

20:01 12.09.2018
„თუ სახელმწიფო გადაწყვეტს ნარკოტიკების მოყვანას, იცოდეთ, ეკლესიაც დაგიპირისპირდებათ და ხალხიც - ჩემი ერის ღალატს არავის ვაპატიებ, ვისგანაც უნდა მოდიოდეს"

"ჩემი ერის ღალატს არავის არ ვაპატიებ, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს. თუ სახელმწიფო გადაწყვეტს ნარკოტიკების მოყვანას, იცოდეთ, ეკლესიაც დაგიპირისპირდებათ და ხალხიც" - განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა დღეს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გამოსვლისას, სადაც სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - ,,ნარკოპოლიტიკა საქართველოში - გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება“ გაიმართა. 

 

მეუფე იაკობის გამოსვლის ტექსტს სრულად გთავაზობთ: 

 

„ალბათ ყველას აინტერესებს ეკლესიის პოზიცია მიმდინარე საკითხებზე. აქამდე რაც იყო, საკონსტიტუციო სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც მიიღო, ჩემი ვარაუდი ის არის, რომ გუშინ რაც გახმოვანდა, პლანტაციების თემა, ე.ი. წინასწარ იყო განსაზრვრული, თუ რისთვის მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება. მინდა იცოდეთ, რომ ეკლესია ამას არ შეეგუება, არავის არ შევეგუებით. ეს არის ბრძოლა ქართველი ერის წინააღმდეგ. ჩვენ დავიცავთ ქართველ ერს. მინდა იცოდეთ, რომ არასდროს არ ყოფილა, საბჭოთა კავშირის დროიდან თუ რამე იყო საქართველოში, ყველგან ვიყავით წინა ხაზზე, თუმცა შეიძლება სხვებივით არ ვჩანდი და დღესაც არ ვაპირებ დამალვას. დავდგებით იქ, სადაც სჭირდება ხალხს. რომ ფიქრობენ ეხლა, რომ ეკონომიკა გამოვიყვანოთ ამით, იქნებ ყაყაჩოც დაგვერგო, ჰეროინის წარმოებაც გაგვეკეთებინა და ჰეროინის ფულებიც მოგვეზიდა საქართველოში და მილიარდები იქიდანაც შემოგვივიდოდა. გვინდა კი ასე? ჯობია გავიჭირვოთ. სადაც ამდენი გავიჭირვეთ, ამდენი წელია გაჭირვებაში ვცხოვრობთ, კიდევ გავიჭირვოთ და ეკონომიკა სხვა მხრივ განვავითაროთ. 


ეს ადამიანები თუ ფიქრობენ ეროვნულ უსაფრთხოებაზე? ავღანეთს რა დამართა ნარკოტიკებმა, ვხედავთ. იმ სამკუთხედს, საერთოდ, იმ ქვეყნებში, კოლუმბიაში რა ხდება და აქ ვის უნდა ვენდოთ? რომელი ძალოვანია ისეთი? ან ჯარი უნდა გვყავდეს ძლიერი, - სამწუხაროდ, არ გვყავს ძლიერი ჯარი. საზღვრები ვერ დაგვიცავს. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ გარეჯაში ვიყავი, სანამ მონასტერში წავიდოდო, მაშინ ჩვენი უდაბნოს მხარეს, და დღეს ჩვენს ტერიტორიაზე, ოფიციალურად ჩვენს ტერიტორიაზე, სხვა ქვეყნის მესაზღვრეები დგანან. ეს ვერ დაგვიცავს და იმას დავიცავთ, პლანტაციებს დავიცავთ, სადაც მილიარდის საქონელი იქნება? უცხოეთის ქვეყნები და ჩვენთან ახლოში მყოფი რუსის ჯარი არ შეეცდება, რომ ეს ნადავლი ხელში ჩაიგდოს? მოდით, შევხედოთ, რა, ეროვნულ უსაფრთხოებაზე თუ იფიქრა ამ ხალხმა? ფულის დათვლა რომ იციან, ხომ, იფიქრონ ეროვნულ უსაფრთხოებაზეც - როგორც ადამიანებზე, ისე ტერიტორიაზე. როდესაც შევალთ ნატოში და ევროკავშირში და ძლიერი დასაყრდენი გვეყოლება, მერე შეიძლება რაღაცეებზე იფიქრო ადამიანმა. დღეს, როდესაც ასე გაჭირვებული ხარ და მარტო, ომის შემთხვევაში მარტო სიტყვას შეგვაშველებენ და სხვას არა, და არავინ არ იფიქროს, რომ ჩვენს გამო დიდი ქვეყნები ერთმანეთს ომს გამოუცხადებენ. როგორღაც უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, მაგრამ არა ნარკოტიკებით. ეკლესია დიდი ხანია დუმდა. ალბათ ბევრმა იფიქრა, რომ რაღაც პროცესები რომ მიმდინარეობდა, დავსუსტდით და თუ აინტერესებს ვინმეს ჩვენი ძალა, არავის არ ვემუქრები, ნახავენ აუცილებლად ჩვენს ძალას. ბოდიშს ვიხდი ასეთი საუბრისთვის, მაგრამ ჩემი ერის ღალატს არავის არ ვაპატიებ, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს. ეს ყველამ იცოდეს. დიდი მადლობა და შენდობას ვითხოვ.“


შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის გამოსვლისას, რომელიც მღვდელმთავრებს არწმუნებდა, რომ მარიხუანას კულტივაცია და ექსპორტზე გატანა საფრთხის შემცველი არ არის, მეუფე იაკობმა რეპლიკის სახით განაცხადა: „თუ სახელმწიფო გადაწყვეტს ნარკოტიკების მოყვანას, პლანტაციები, თუნდაც სამედიცინო მოხმარებისთვის თუ გაკეთდა, იცოდეთ, ეკლესიაც დაგიპირისპირდებათ და ხალხიც დაგიპირისპირდებათ, - იცოდეთ აუცილებლად!“

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge