Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:41 13.09.2018
„საკონსტიტუციო სასამართლომ შექმნა ახალი იდეოლოგიური პარადიგმა, რომლის მიხედვითაც, თვითგანვითარების ცნება მარიხუანას მოხმარებასაც გულისხმობს, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს სარწმუნოებასა და ოჯახურ ღირებულებებს“

 

სასულიერო პირებმა კონფერენციაზე, რომელიც ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკასა და ამასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებს შეეხება, მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია დააფიქსირეს. პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ საკუთარი პოზიცია ვრცლად დააფიქსირა. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ იქნება მოწონებული და მხარდაჭერილი ეკლესიის მხრიდან. „დღეს ნარკომანია აღარ არის ცალკეულ პირთა სნეულების გამოვლინება, არამედ მთელი საზოგადოების პრობლემად იქცა. სამწუხაროდ ამ მხრივ დამაჯერებელი სტატისტიკა საქართველოში არ არსებობს, მაგრამ სპეციალისტების აზრით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში პროცენტულად ერთ-ერთ პირველ ადგილზეა ნარკომომხმარებელთა რაოდენობით, შესაბამისად მდგომარეობა ძალზედ რთული და საგანგაშოა.
კონსტიტუციის დღის აღსანიშნავ საზეიმო შეხვედრაზე მისმა უწმინდესობამ ბრძანა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია ხალხს უნდა ემსახურებოდეს, საკონსტიტუციო სასამართლომ უკანასკნელმა გადაწყვეტილებამ კი ბევრი კითხვა და ნეგატიური განწყობა გააჩინა. ოთხი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ შესაძლებლად მიიჩნია დღევანდელი კონსტიტუციის მე-16 მუხლის საფუძველზე, სადაც წერია, რომ ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, გამოეტანა დასკვნა, რომ მარიხუანას მოხმარება პიროვნული განვითარების თავისუფლებას უკავშირდება. საკონსტიტუციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით შექმნა ახალი იდეოლოგიური პარადიგმა, რომლის მიხედვითაც, თვითგანვითარების ცნება მარიხუანას მოხმარებასაც გულისხმობს, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს სარწმუნოებასა და ოჯახურ ღირებულებებს“,-განაცხადა მეუფე შიომ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge