Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:41 14.09.2018
ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

ცენტრალური ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც პოლიციამ დამატებითი ჯგუფები გამოიძახა.

 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში 6 ივლისს გარდაცვლილი 18 წლის თორნიკე მერებაშვილის ახლობლებმა და თანასოფლელებმა ობიექტური გამოძიების მოთხოვნით ჯერ საპროტესტო აქცია გამართეს, შემდგომ, კი პროტესტის ნიშნად ავტობანის ცალმხრივი გზა გადაკეტეს.

 

აღნიშნულ მონაკვეთზე თითქმის 20 წუთის განმავლობაში მოძრაობა პარალიზებული იყო.

 

სამართალდამცველები მოძრაობის აღდგენას ცდილობდნენ და გარდაცვლილის ახლობლებს ავტომაგისტრალის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

 

ამ დროისთვის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მოძრაობა სრულადაა აღდგენილი. აქციის მონაწილეები კი ფეხით გორის ცენტრისკენ, ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით გაემართნენ.

 

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ოფიციალური ინფორმაციით, თორნიკე მერებაშვილს სოფელ ხელთუბანთან ავტომანქანა დაეჯახა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. თუმცა, გარდაცვლილის ნათესავების ვერსიით, ახალგაზრდა მოკლულია, დღემდე კი ბრალდებული არ არსებობს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge