Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:10 08.10.2018
„დავივიწყოთ სტერეოტიპი - ქართველია და დარდიმანდი, ნიჭერია, მაგრამ ზარმაცი, სხვისი ბრალია და ასე შემდეგ - ნიკოლოზ ბასილაშვილი არის ჩვენი ნამდვილი სახე - წინ, ნიკა!“

ფოტოჟურნალისტი გოგა ჩანადირი წარმატებულ ქართველ ჩოგბურთელზე, ნიკა ბასილაშვილზე ემოციურ ბლოგს აქვეყნებს: 

 

„ხვალ, 9 ოქტომბერს ჩინეთის ქალაქ შანხაიში პირველი ქართველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი როლექსის ათასიან შეჯიბრებაში ჩაერთვება. მსოფლიოში ასეთი მაღალქულიანი შეჯიბრება სულ 9 არის. საპრიზო ფონდი 7 მილიონ დოლარს ცოტათი აღემატება. დღეს ნიკა აღარ არის ისეთი გამოუცდელი, როგორც უწინ. 3 თვეში მან ჰამბურგსა და ბეიჯინგში ორი ღია პირველობა მოიგო, ათასზე მეტი ქულა მოიპოვა და უზარმაზარი ნახტომით მსოფლიოს 23-ე ჩოგანი გახდა. დაჯილდოებისას მშვიდი და გაწონასწორებულია. თითქოს, არც არაფერი მომხდარიყოს, მაგრამ ვის არ უხარია ჩემპიონობა?


ეს კაცი შრომისმოყვარე და უპრეტენზიოა. მან დაამარცხა ყბადაღებული გამოთქმა "ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი". იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ერთ-ერთი გაუგონარი სიბრიყვეა ამის თქმა. ის თავდაუზოგავად შრომობს და ამსხვრევს შეთითხნილ სტერეოტიპს ქართველთა დარდიმანდობაზე. ის ისე უდგება საქმეს, როგორც ჭეშმარიტი პროფესიონალი და ამისთვის ბიუჯეტის ფულს არ იყენებს. ის არავის უსაფრდება, არ ლანძღავს, ფეხს არ უდებს, შურით და ბოღმით არ ივსება და ამ სისულელეებს განვითარება ურჩევნია. თან, სხვების დახმარება არ ავიწყდება. როცა საქმე კარგად ვერ მისდიოდა, რომელიმე მთავრობას კი არ აბრალებდა, ხელებს იკაპიწებდა. როცა სხვები სადღეგრძელოებით ცდილობდნენ საქართველოს სიყვარულის გამოხატვას, ის საქმით გამოხატავდა.


ნიკა ალალად იმსახურებს დიდ ჯილდოებს. ის იმსახურებს როლექსის მასტერსზე (არ ვიცი, ქართული შესატყვისი თუ აქვს) დიდ წარმატებებს. ხოლო დენის შაპოვალოვთან პირველივე შეხვედრის მოგების შემთხვევაში, საუკეთესო ჩოგბურთელების ოცეულში მოხვდება. ნიკოლოზ ბასილაშვილი არის ნიჭიერი და შრომისმოყვარე ქართველი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დავივიწყოთ სტერეოტიპი - ქართველია და დარდიმანდი, ნიჭერია, მაგრამ ზარმაცი, სხვისი ბრალია და ასე შემდეგ. ნიკოლოზ ბასილაშვილი არის ჩვენი ნამდვილი სახე. წინ, ნიკა!“

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge