Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:37 11.10.2018
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია და შპს „ინსტალ პლუსი“ სიღნაღის ისტორიულ კედელზე უნებართვოდ ჩატარებული სამუშაოების გამო 12 000-12 000 ლარით დააჯარიმდნენ

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია და შპს „ინსტალ პლუსი“ სიღნაღის ისტორიულ კედელზე უნებართვოდ ჩატარებული სამუშაოების გამო 12 000-12 000 ლარით დააჯარიმეს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, მერია და კომპანია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 88-ე მუხლის მეორე ნაწილით დაჯარიმდნენ, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე კანონით გათვალისწინებული ნორმატივების დარღვევას ითვალისწინებს.

„დღეს უკვე ელექტრონულად გაეგზავნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი როგორც სიღნაღის მერიას, ისე შპს „ინსტალ პლუსს“, რომელიც სიღნაღის გალავანზე სამუშაოებს ასრულებდა. კომპანია და მერია ცალ-ცალკე 12 000-12 000 ლარით დაჯარიმდნენ. დაარღვიეს 88-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე კანონით გათვალისწინებული ნორმატივების დარღვევას, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოიცავდა ეროვნული კატეგორიის ძეგლის ერთ-ერთ სეგმენტზე შეუთანხმებლად განხორციელებულ ფიზიკურ სამუშაოებს. კონკრეტულად, ეს მონაკვეთი შეადგენს სიღნაღის გალავნის მცირე კარიბჭის ერთ-ერთ ფასადს, რომელიც ამ საპროექტო დოკუმენტაციაში გათვალისწინებული არ იყო და მათ თვითნებურად განახორციელეს ნალესობის ფენის დატანა. მერია დაჯარიმდა იმ კუთხით, რომ მათ უგულებელყვეს კანონით გათვალისიწინებული ნორმა, რომ კულტურული მემკვირდრეობის ძეგლზე დაგეგმილი სამუშაოები, რომელიც აუცილებლობის წესით უნდა შეთანხმებულიყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან და მის საბჭოსთან“, - განმარტეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, სიღნაღის მერიას მიეცემა 6 თვიანი ვადა, რათა მათ ახალი პროექტი შეიმუშაონ და გალავნის დაზიანებულ და სახეცვლილ მონაკვეთს პირვანდელი იერსახე დაუბრუნონ.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია და ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქის ისტორიული გალავნის ნაწილი შეღება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge