Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:55 12.10.2018
რას ითვალისწინებს განათლების სამინისტროს სიახლე, - მშობელსა და სკოლას შორის დადებული კონტრაქტი

განათლების სამინისტრომ მშობელსა და სკოლას შორის გასაფორმებელი კონტრაქტის მომზადება დაასრულა.

 

შესაბამისად, როგორც უწყებაში განაცხადეს, სკოლებსა და მშობლებს შორის ხელშეკრულების გაფორმების პროცესი უკვე დაიწყო. მათივე განმარტებით, სკოლის დირექტორებს შეუძლიათ, მოსწავლის მშობლებს ან კანონიერ წარმომადგენლებს შესთავაზონ, როგორც სამინისტროს მიერ შემუშავებული ხელშეკრულება, ისე უშუალოდ სკოლის მიერ შექმნილი დოკუმენტი.

 

საქმე ისაა, რომ თავის დროზე, განათლების ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სკოლასა და მშობელს შორის ხელშეკრულების გაფორმების ინიციატივა იმის გამო წამოაყენა, რომ მოსწავლეებში ბულინგის შემთხვევებს სკოლა და მშობელი ერთად გამკლავებოდა, რა კუთხითაც ორივე მხარეს გარკვეული ვალდებულებები უნდა აეღო, თუმცა, სამინისტროს მიერ მომზადებულ 4-გვერდიან დოკუმენტში ამ მიმართულებით არაფერია ნათქვამი.

 

„სკოლა და მშობელი ბულინგის წინააღმდეგ ერთ გუნდად უნდა მუშაობდეს, სწორედ ესაა კონტრაქტის გაფორმების მიზანი. აქ მშობლების ჩართულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ზოგადად , ოჯახის ჩართულობას. ერთი ინიციატივა, რაც ჩვენ გვაქვს ეს არის ის, რომ მშობლებმა სკოლასთან უნდა გააფორმონ კონტრაქტი. თუ მშობელმა იცის, რომ ოჯახში არის რაღაც პრობლემა, ან შეამჩნია ბავშვს, რომ რაღაც ტიპის პრობლემასთან აქვს საქმე, აუცილებლად ამის შესახებ უნდა იყოს ინფორმირებული სკოლა და პირიქით. სკოლის მასწავლებლებმა და ხელმღვანელებმა უნდა მიაწოდონ ინფორმაცია მშობელს ამის თაობაზე. ერთ-ერთი რეკომენდაცია მშობლებისთვის არის ის, რომ მინიმუმ 15 წუთი მაინც თავის შვილს უნდა მოუსმინონ, ესაუბრონ, ეს აუცილებლია. მშობლის ყურადღების გარეშე ბავშვში ხდება აგრესიის დაგროვება და შეიძლება ამოხეთქოს ძალიან ცუდი ფორმით. მშობლის ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში, ოჯახის გარემოში, ეს აუცილებელი მომენტია იმისთვის, რომ პრობლემა დავძლიოთ“, - აცხადებდა მიხეილ ჩხენკელი მინისტრობისას, როცა სკოლასა და მშობელს შორის ხელშეკრულების გაფორმების ინიციატივა წამოაყენა.


რაც შეეხება სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტს, როგორც განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განაცხადეს, კონტრაქტის ყველა მუხლი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართვველოს კანონს ეფუძნება და მშობლებისთვის მასში განსაკუთრებული პირობები ჩადებული არ არის. მათივე განცხადებით, მშობლის უფლება-მოვალეობებსა და სკოლის ვალდებულებებს კონტრაქტით ახალი პუნქტები, რაც კანონში არ ფიქსირდება, არ დამატებია.


კერძოდ, მშობელსა და სკოლას შორის გასაფორმებელი კონტრაქტის მიხედვით, „მშობელი/წარმომადგენელი ვალდებულია: დაიცვას სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრული ნორმები; იყოს კორექტული, საერთო მიზნების მიღწევისთვის ითანამშრომლოს სკოლასთან და შეინარჩუნოს კეთილგანწყობა სკოლისა და მისი თანამშრომლების მიმართ; მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარე, აქტიური კავშირი იქონიოს კლასის დამრიგებელთან და სკოლის დირექციასთან; არ განახორციელოს სკოლის შინაგანაწესით აკრძალული რაიმე სახის ქმედება, მათ შორის კლასში ნებისმიერი ოდენობის თანხის შეგროვება, მსგავსი ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს სკოლის დირექციას; მოსწავლე სკოლაში გაუშვას სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრული წესის შესაბამისად ჩაცმული, სასწავლო ნივთებით აღჭურვილი; ყურადღება მიაქციოს, რომ არ ატაროს სკოლის შინაგანაწესით აკრძალული ნივთები (სწავლისთვის შეუსაბამო ტექნიკური საშუალებები, ცივი იარაღი და ა.შ. აკრძალული ნივთები დეტალურადაა განსაზღვრული სკოლის შინაგანაწესით); დაესწროს სკოლაში დაგეგმილ ღონისძიებებს და სასკოლო აქტივობებს, მათ შორის, მშობელთა კრებებს. მშობელთა კრებაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებლობის მიზეზი წინასწარ შეატყობინოს კლასის დამრიგებელს; ნებისმიერი პრობლემა და გაუგებრობა გაარკვიოს მოსწავლის კლასის დამრიგებელთან ან/და სკოლის დირექციასთან; სკოლის ექიმს/დირექციას აცნობოს მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის, კერძოდ, ქრონიკული/გადამდები დაავადებისა და ალერგიის შესახებ; გადამდები დაავადების შემთხვევაში სკოლაში არ მოიყვანოს მოსწავლე და დამრიგებელს აცნობოს გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ; არ გააცდენინოს მოსწავლეს სკოლა არასაპატიო მიზეზით. წინასწარ აცნობოს დამრიგებელს მოსალოდნელი გაცდენის შესახებ; თავი შეიკავოს სკოლის ნებისმიერი მოსწავლის, მშობლის/წარმომადგენლის ან თანამშრომლის შეურაცხყოფისგან, ასევე, მასწავლებლისა და სკოლის ავტორიტეტის შელახვისაგან; აანაზღაუროს მოსწავლის მიერ დაზიანებული სასკოლო ინვენტარის ან ტექნიკის ღირებულება სკოლის დირექციის მოთხოვნის საფუძველზე; მოსწავლის ამორიცხვის/გარიცხვის/სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, სკოლას დაუყოვნებლივ დაუბრუნოს გადაცემული სასწავლო რესურსი (სახელმძღვანელოები), ხოლო კერძო სკოლაში გადაყვანის შემთხვევაში სკოლას ასევე დაუბრუნოს ბუკი მასთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად; სკოლის დირექციის მოთხოვნისამებრ გამოცხადდეს სკოლაში; დაესწროს სკოლის მიერ ორგანიზებულ ექსკურსიებსა და სხვადასხვა გასვლით ღონისძიებებს და ზედამხედველობა გაუწიოს მოსწავლის ქმედებებს. დასწრების შეუძლებლობის შემთხვევაში აღნიშნული წინასწარ შეატყობინოს კლასის დამრიგებელს; დაწყებითი კლასების (I-IV)მოსწავლის შემთხვევაში, საგაკვეთილო პროცესის დასრულებისას მოაკითხოს მოსწავლეს წასაყვანად ან აცნობოს დამრიგებელს მოსწავლის წაყვანაზე უფლებამოსილი პირის შესახებ; შეატყობინოს სკოლას ხელშეკრულებით განსაზღვრული რეკვიზიტების (საცხოვრებელი ადგილი, ტელეფონის ნომერი) ცვლილების შესახებ.


რაც შეეხება მშობლის/წარმომადგენლის უფლებებს, ხელშეკრულების თანახმად, მას უფლება აქვს: მოითხოვოს სკოლისგან წინამდებარე ხელშეკრულებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვა; მოითხოვოს სკოლისგან სასწავლო პროცესის წარმართვა მაღალკვალიფიციურად; მოითხოვოს სკოლისგან მოსწავლისადმი სამართლიანი, ობიექტური და თავაზიანი დამოკიდებულება; მოითხოვოს საგნების მიხედვით მოსწავლის ობიექტური შეფასება.


რაც შეეხება მოსწავლის უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ „მოსწავლე უფლებამოსილია: მიიღოს სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისი მაღალი ხარისხის განათლება; პედაგოგთან ურთიერთობის გართულების შემთხვევაში, მიმართოს სკოლის დირექციას ან/და კლასის დამრიგებელს და გამოხატოს თავისი შეხედულება. ასევე, მოსწავლე ვალდებულია: იყოს თავაზიანი, პატივისცემით მოეპყრას მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს და შეასრულოს შინაგანაწესით გათვალისწინებული პუნქტები; დაემორჩილოს სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს; დაიცვას სკოლის შინაგანაწესი და მოსწავლის ქცევის კოდექსი; გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას“.


კონტრაქტში არაფერია აღნიშნული კონკრეტულად ძალადობის დაუშვებლობასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რასთან მიმართებაშიც ჩანაწერი „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის მე-20 მუხლში გვხვდება, თუმცა ამ კანონის სხვა პუნქტებისგან განსხვავებით, ის სკოლასა და მასწავლებელს შორის დასადებ ხელშეკრულებაში გადატანილი არ არის. კერძოდ, კანონის თანახმად, „დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია, დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული მოქმედებები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“.

 

გარდა ამისა, ხელშეკრულებაში არაფერი წერია მოსწავლის დისციპლინურ სახდელებთან დაკავშირებითაც, რაც ასევე გაწერილია აღნიშნული კანონის მე-19 მუხლში.

 

აღსანიშნავია, რომ სკოლასა და მშობელს შორის დადებული ხელშეკრულება მისი ხელმოწერისთანავე ამოქმედდება და მოსწავლის მიერ სწავლის დასრულებამდე მოქმედებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge