Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

21:45 07.11.2018
პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის საქმეებზე შექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის საქმეებზე შექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე სისხლის სამართლის საქმეების და უკანონოდ ჩამორთმეული ქონების საქმეები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მუშაობის სამოქმედო გეგმას და ჯგუფში შემავალი უწყებების კოორდინირებულ ფუნქციებს. სამუშაო ჯგუფში განისაზღვრა უწყებების კონკრეტული დავალებები, რომელთა შესრულება საკითხის ეფექტიან მოგვარებას უზრუნველყოფს.

 

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის საქმეებზე შექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი რეგულარულად შეიკრიბება, სადაც უწყებების წარმომადგენლები საკუთარი მიმართულებით გაწეულ საქმიანობასა და შედეგებზე იმსჯელებს. ჯგუფის მუშაობის შესახებ ინფორმაცია ასევე ეცნობება საზოგადოებას. სამუშაო ჯგუფი მთავარი პროკურატურის ინიციატივით შეიქმნა. მოქალაქეების მიერ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით საქართველოს პროკურატურაში შესული საქმეების განხილვის დასაჩქარებლად საჭირო სისტემური მიდგომა, მათ შორის საქმეების მოთხოვნების და შესაძლებლობების მიხედვით კლასიფიცირება, მთავარი პროკურორობის კანდიდატად წარდგენისას შალვა თადუმაძის პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი იყო. საქართველოს პროკურატურამ უკვე კლასიფიცირებული საქმეები წარუდგინა სამუშაო ჯგუფს, რომელშიც საქართველოს პროკურატურის, ფინანსთა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების, შინაგან საქმეთა, თავდაცვის სამინისტროების და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები შედიან.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge