Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:00 28.01.2019
"საქართველოს შეუძლია გახდეს ევროკავშირის წევრი ისე რომ წევრი არ ერქვას"

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა euradio.fr-სთან ინტერვიუში იმ ახალ ინიციატივაზე ილაპარაკა, რომლითაც საქართველო ევროკავშირს მიმართავს.

 

"საქართველომ აირჩია პროევროპელი პრეზიდენტი. ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 70 პროცენტი მხარს უჭერს ევროპულ ორიენტაციას. ჩვენ ეს ევროპული პრიზმა კონსტიტუციაშიც კი ჩავწერეთ, რომელიც დეკემბერში შევიდა ძალაში. ახლა კითხვა შემდეგია, საით მივემართებით? ჩვენი იდეაა, ვისარგებლოთ ევროპული არჩევნების გადამწყვეტი მომენტითა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის 10 წლის იუბილეთი, მოვაწყოთ კონფერენცია ბათუმში, სადაც ევროკავშირის წევრებსა და ასოცირებულ სახელმწიფოებს მოვიწვევთ. სწორედ ასოცირებულმა სახელმწიფოებმა უნდა გააკეთონ შეთავაზებები, რადგან ევროკავშირს მომავალზე ფიქრისთვის და ახალი იდეების წამოყენებისთვის ჯერ დრო არ ექნება. ვეცდებით, ამით ვისარგებლოთ და ჩვენი იდეებითა და შეთავაზებებით შევავსოთ თავისუფალი სივრცე.


სამოქმედო გეგმის მთავარი იდეა, რომლის წარდგენასაც ბათუმში ვაპირებთ, არის ის, რომ საქართველოს შეუძლია, გახდეს ევროკავშირის წევრი ისე, რომ წევრი არ ერქვას. ჩვენ უკვე გავაფორმეთ სატრანსპორტო შეთანხმება, ისეთი პროგრამები, როგორიცაა Erasmus-ი, საქართველოს სტუდენტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. კარგად უნდა დავფიქრდეთ და წარვადგინოთ შეთავაზებების კონკრეტული სია, რომელიც ჩვენს ინტერესებს გამოხატავს. მათ შორის გარემოს დაცვა, შრომითი კანონმდებლობა, ეს არის რამდენიმე სფერო, რომელშიც რესურსები გვჭირდება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

სალომე ზურაბიშვილმა ეკონომიკაზეც ისაუბრა.

 

"ევროკავშირთან დაახლოებასთან ერთად, რაც გულისხმობს ვიზების ლიბერალიზაციას, ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, ჩვენ ასევე უნდა გადავდგათ ნაბიჯები ევროკავშირთან ფიზიკურად დაახლოებისთვის. ეს კონკრეტულად გულისხმობს ადამიანებისა და პროდუქტების დაკავშირებას შავი ზღვის საშუალებით. ეს იქნება თვალსაჩინო და სიმბოლური ნაბიჯი წინ. ამ მიზნით, ჩვენ შევუერთდით ევროპის სატრანსპორტო ქსელს, რომლის საშუალებითაც საქართველო 3,5 მილიარდი ევროს საინვესტიციო პროგრამისგან სარგებელს მიიღებს“, - ამბობს ზურაბიშვილი.

 

სალომე ზურაბიშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს 21-23 იანვარს ესტუმრა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge