Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:39 03.04.2019
„მე მოვკალი ზვიად გამსახურდია! ეს ის შემთხვევაა, როცა აღიარება დანაშაულს არ ამსუბუქებს!“

ადვოკატი ზვიად კორძაძე საქართველოს პირველ პრეზიდენტს ვრცელ პოსტს უძღვნის:

 

 

„მე მოვკალი ზვიად გამსახურდია!!!

 

პირველად, როცა მშობლებს ვკითხე, ზვიადი რატომ დამარქვით-თქო, კონსტანტინეს შვილს ერქვა და იმიტომო, მიპასუხეს, თან ერთმანეთს გადახედეს და გაიღიმეს. ეს იყო ჩემი პირველი შეხება მასთან. ვიცოდი, რომ არსებობდა ზვიად გამსახურდია, შეიძლება ამ მიზეზის გამო ჩემს თანატოლებზე უფრო ადრეც.

 

შემდეგ იყო 1988-90 წლები, მოთხოვნები ჯერ საარჩევნო ცვლილებების, მერე დამოუკიდებლობის. სკოლის მოსწავლეს და აბიტურიენტს, ქუთაისშიც და შემდეგ თბილისშიც მიტინგიდან მიტინგზე მისი სახელი დამყვებოდა.

 

მერე მერაბ კოსტავას გასვენებაზე მახსოვს ცოცხალ ჯაჭვში მდგარს, ცალფრთამოტეხილი, საყრდენგამოცლილი და განახევრებული.

 

შემდეგ, საჯარო ლექციაზე. ძლივს შევაღწიე, გადატენილ დარბაზში. პირველად რომ შემოუშვეს წლების შემდეგ უნივერსიტეტში - "ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველებას კითხულობდა".

 

მიტინგებზე ხმაურს და გამომსვლელთა, მათ შორის მის ექსპრესიულ გამოსვლას მიჩვეულმა, პირველად ვნახე, როგორ აიყვანა ხელში უზარმაზარი აუდიტორია, ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდი. წინ "ვეფხისტყაოსანი" ედო, აქეთ ბიბლია, იქეთ ყურანი და ავლებდა პარალელებს.

 

იმ ლექციაზე პირველად მივხვდი, რას ნიშნავს სიტყვები "აზროვნების მასშტაბურობა", "უგზო-უკვლოდ განათლებულობა".

 

განსხვავებული იყო ვაკის პარკის ცნობილ გამოსვლისას ,, ქრისტეს გზა, ბარაბას გზა”. იქაც ხელში აიყვანა მთელი სტადიონი. მერე თვითონაც ხელში აიყვანეს. იქ პირველად ვნახე როგორ შეიძლება ინდივიდები, მათ შორის სკეპტიკურად განწყობილები, იდეის გარშემო გააერთიანო და ერთ მასად გადააქციო. სკეპტიკურად იმიტომ, რომ რამდენიმე ისეთი სახე მახსოვს იმ მიტინგიდან მთლად რომ ბოლომდე მის მომხრედ არ ითვლებოდა.

 

მერე 31 მარტის რეფერენდუმი და ცხრა აპრილის დილა. ტელევიზორი ჩავრთე. სახლში მარტო ვიყავი. ვხედავ სესია მიდის. არც ვიცი რა ხდება და დამოუკიდებლობის გამოცხადება. არ ვიცოდი რა მექნა, ემოცია ვისთვის გამეზიარებინა, ტელეფონი მე არ მქონდა ნაქირავებ ბინაში და სახლში არავინ იყო.

 

მერე იყო ჩემი მეგობარი, რომელთან ერთადაც ბინა მქონდა ნაქირავები და რომელმაც მის პირად დაცვაში დაიწყო მუშაობა. დეტალებში ვიცოდი ბევრი რამ: ცოტნეს ნიჭიერება, გიორგის ეშმაკობა, რომლის გამოც სისხლი ჰქონდათ დაცვის ბიჭებს გამშრალი, მანანა და ლელე ...

 

სამოქალაქო ომი. შეცდომა თუ ავბედითი კანონზომიერება, როგორც სასჯელი, რომელიც თავისუფლებისკენ სწრაფვას მოჰყვა. ზოგი მოღალატე, ზოგი გულწრფელად დარწმუნებული რომ მის გარეშე უკეთესობა იქნებოდა. შემდეგ გაქცეული პრეზიდენტი, დევნა, ხაფანგში მოქცევა, მკვლელობა.

 

საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ესროლეს, თუ თვითონ გამოკრა სასხლეტს ხელი. არც იმას აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად ვინ ჩაიდინა და დაგეგმა ეს. ის მოკლეს, არა ის მოვკალით ჩვენ ყველამ, ისევე როგორც ილია. როცა ქმნი გარემოს, სადაც ილიას და ზვიადის მკვლელობა არათუ შესაძლებელი, არამედ მოსაწონი საქმე ხდება, ეს ერის დანაშაულია და სამარცხვინო ლაქაა, რომელსაც ვერასდროს ვერანაირი გამოძიებით ვერ ჩამოირეცხავ.

 

ასე რომ თავი დავანებოთ მკვლელების სხვაგან ძებნას, გამოვიდეთ და ყველამ სათითაოდ ვთქვათ:

 

„მე მოვკალი ზვიად გამსახურდია!"

 

ეს ის შემთხვევაა, როცა აღიარება დანაშაულს არ ამსუბუქებს!!!"

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge