Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:29 04.04.2019
“ზვიად გამსახურდიას და სხვათა სისხლით მოტანილი მემკვიდრეობის განმტკიცებას აზროვნების თავისუფლება სჭირდება”-ცოტნე გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:

 

“დღეს – ეროვნულ ბიბლიოთეკაში…


ბევრი შეიძლება ვისაუბროთ ზვიად გამსახურდიას ღვაწლზე, შემოქმედებაზე, მრავალმხრივ საქმიანობაზე, მაგრამ დღეს, აწმყოსა და მომავალი კონტექსტის გათვალისწინებით ერთი ასპექტი მგონია ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც მას ახასიათებდა და რომელიც მის შესახებ საუკუნეებს გაუძლებს და გზამკვლევად გამოადგება მომავალ თაობებს:


ბრძოლა გაბატონებული აზრის, დისკურსის წინააღმდეგ, საკუთარი აზრის გამოხატვის სიმამაცე, საკუთარი პოზიციის დაცვისა და მისთვის ბრძოლის უნარი! ქცევის ამ იდეალებს ეფუძნებოდა ჯერ კიდევ ანტიური დემოკრატიები, ეფუძნებოდა ჯონ ლოკისა და ემანუილ კანტის შეხედულებები საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, უფრო გვიანდელ განმანათლებელ მოაზროვნეთა ნააზრევი…


დღეს და მომავალში, სახელმწიფოებრივ, საზოგადო და პირად სივრცეებში ჩვენს ქვეყანას, მის განვითარებას, ზვიად გამსახურდიას და სხვათა სისხლით მოტანილი მემკვიდრეობის განმტკიცებას სწორედ ეს სითამამე, აზროვნების თავისუფლება სჭირდება. დღეს ჩვენ კვლავ საბრძოლველი გვაქვს ერთპარტიულობის ჭაობის, კერპთაყვანისმცემლობის და კორუფციის კომუნისტური სულის წინააღმდეგ, როდესაც მთელმა ერმა, საზოგადოებამ უნდა მოისურვოს და შეძლოს გამოფხიზლება და არ იყოს ერთი მუჭა “ელიტებისა” და საეჭვო რეპუტაციის, ნასუფრალს შეჩერებული ფსევდომოღვაწეების კვალში მოსიარულე მაჩანჩალა…


გილოცავთ დღევანდელ დღეს და ამ გზაზე წარმატებებს გისურვებთ!”-წერს ცოტნე გამსახურდია

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge