Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:17 09.04.2019
"9 აპრილმა სინათლემდე, განათლებამდე, დაოსტატების გონამდე უნდა მიგვიყვანოს - ესაა დღეს მთავარი!"

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ისტორია დამთავრდაო" - თუ გახსოვთ, ფრენსის ფუკუიამამ ბრძანა 90-იანების ბოლოსკენ...


დიხ, ისტორია მართლაც დამთავრდა და სწორედაც 9 აპრილი იყო ამ ზეისტორიული ამბავის მომასწავებელი. ცხადია, საუბარია არა მთლიანად საკაცობრიო არამედ ინდუსტრიული ეპოქის, რასაც ყოვლისმომცველობის გამო, ფუკუიამაც კი შეყავდა შეცდომაში, ისტორიაზე - როდესაც ლიბერალური დემოკრატიის მსოფლიო გამარჯვებამ საბოლოოდ დაასრულა კიდეც ინდუსტრიული ერა.


ამას ბუნებრივად მოჰყვა სსრკ-ს ნგრევა, რადგან საბჭოური ყაიდის "ტოტალიტარულ ინდუსტრიალიზმს", რაც ყველა რესურსის, მათ შორის - ინფორმაციისა და ტექნოლოგიური ცოდნისაც, სახელმწიფო მონოპოლიაზე იდგა, ახალ ეპოქასთან ადაპტაციის არავითარი უნარი და საშუალება არ გააჩნდა და იგი უბრალოდ - მოკვდა.


"პერესტროიკა" - ე.ი. "გარდაქმნა" არ გამოვიდა, რადგან ეს სრულიად შეუძლებელი იყო, სამაგიეროდ გამოვიდა ის, რასაც პირდაპირი თარგმანით ჩვენს დალოცვილ, ქართულ ენაზე ნიშნავს "პერე-სტროიკა" - ე.ი. გადაშენება! სსრკ, როგორც ასეთი - მართლაც გადაშენდა!


9 აპრილი სიმბოლოა არა მხოლოდ ბოროტების იმპერიის - სსრკ-ს ნგრევისა და ხალხთა საპყრობილისგან ერების გათავისუფლებისა, არამედ ნიშანია ახალი ეპოქის, რასაც ჯერ პოსტ-ინდუსტრიულს, შემდეგ კი - საინფორმაციო ეპოქას უწოდებდნენ, დაბადებისა! რატომ? თუნდაც იმიტომ, რომ ინფორმაციამ, მისმა ტოტალურმა გამოთავისუფლებამ (თუ გახსოვთ, "გლასნოსტს" ეძახდნენ ამას რუსულად) ფაქტობრივად მიწასთან გაასწორა და ბუნდღაც აღარ დატოვა საბჭოტა რეჟიმის ისედაც შერყეული ლეგიტიმურობისგან. 9 აპრილის მსოფლიო საინფორმაციო ექომ უფრო მეტი გააკეთა სსრკ-ს ნგრევის საქმეში, ვიდრე ამას მესამე მსოფლიო ომის შემთხვევაში თუნდა 100 მეგატონიანი წყალბადის ბომბი შეძლებდა!


რა მივიღეთ? რასაკვირველია, ახალ ეპოქასთან (რომელსაც უკვე არა მხოლოდ ინფორმაციისა და ცოდნის, არამედ "ტექნოლოგიურ ერასაც" უკვე უწოდებენ!) ადაპტაცია, პოს-საბჭოურ საზოგადოებას უჭირს, არ გამოსდის და ფაქტობრივად - დეინდუსტრიული კრიზისების აჭრილ დროებსა და მღვრიე ტალღებში უხდება არსებობა. თუ ეს კრიზისების ტალღა არ დაგვახრჩობს და მას გადავლახავთ, გადავრჩებით და გაცილებით ძლიერები გამოვალთ, განუზომლად მეტსაც შევძლებთ, ვიდრე ყველაზე წარმატებული საბჭოური ინდუსტრიალიზმის პროექტების განხორციელებისას (საყოველთა უფასო განათლება, ჯანდაცვა, თუნდაც ელექტრიფიკაცია, დასაქმება, ინდუსტრიული მრეწველობის განვითარება, და ა.შ. დიდი წარმატებები კულტურაში, მეცნიერებაში, სპორტში და სხვ. და სხვ.) შევძელით.


ამიტომ, ჭეშმარიტად: 
: "მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი..."
და თუ არ გვინდა, რომ ფუკუიამასი არ იყოს - ისტორია ლიბერალიზმით მართლაც არ დამთავრდეს, უნდა შევძლოთ განათლების გზით თანამედროვე ტექნოლოგიურად ერად ვიქცეთ და მაშინ, მომავალი მართლაც ჩვენია!


სასიხარულოა, რომ განათლების ეს გადამწყვეტი მნიშვნელობა მთავრობას კარგად ესმის!


უნდა გვახსოვდეს: დავით აღმაშენებლის დროსაც კი საქართველოს "კონკურენტული უპირატესობა" -სწორედ "ტექნოლოგიურობა" (ტექნოლოგია ქართულად "ოსტატობის გონს" ნიშნავს) იყო! ჩვენ ყველაზე მეტად ვიყავით დაოსტატებულნი ფაქტიურად ყველა საქმეში -უკეთ ვიცოდით ყველა მეზობელთან შეადებით მეურნეობაც, აღმშენებლობაც, ქვეყნის მართვა-გამგეობაც, გვქონდა ყველაზე მაღალი ხარისხის განათლება და ცხადია, ყველაზე უკეთ განვითარებული სამხედრო საქმეც!


დასკვნა კი ასეთია -

9 აპრილმა სინათლემდე, განათლებამდე, დაოსტატების გონამდე უნდა მიგვიყვანოს - ესაა დღეს მთავარი!" - წერს დავით ზარდიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge