Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:29 16.04.2019
"გუშინ, ზუსტად ვიცი, ჩემთვის და თქვენთვის ის წიგნიც იწვოდა და ძველი პარიზიც იმ ცოტა საშიში და ძალიან ლამაზი ადამიანებით"

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი რამდენჯერმე მინახავს - მას მერე, რაც ლევილის ამბების გამო ამ ქალაქს ვსტუმრობდით ხოლმე. ვნახე დაკვირვებით. მაგრამ მიუხედავად მისი უკამათო დიდებულებისა, ამ სიტყვების კომბინაციაზე მაინც ის წიგნი მახსენდება, ოდესღაც, უკვე შეცრეცილ გარეკანზე შემჩნეული ქიმერების გამო რომ გადავშალე და ვეღარ მოვწყდი. მახსოვს, საღამოს, უკანა ოთახიდან წინ გადავდიოდი საკითხავად. ფანჯარასთან ვჯდებოდი. რადგან მზე იქ ჩადიოდა და ამ უკვე დაზეპირებული მეთოდით ლამფაში საწვავი იზოგებოდა. ჰოდა, გუშინ, ზუსტად ვიცი, ჩემთვის და თქვენთვის ის წიგნიც იწვოდა და ის ძველი პარიზიც იმ ცოტა საშიში და ძალიან ლამაზი ადამიანებით. და ის სავარაუდო ოთხი-ხუთი დღეც ჩვენი ცხოვრებიდან, ამ წიგნის წაკითხვას რომ მოვანდომეთ. ვიღაცისთვის შეიძლება ცნობილი მიუზიკლი იწვოდა, უკვე ცოტა მომაბეზრებელი ჰიტით. შეიძლება ფილმებიც. ვიღაცისთვის პირველი ან მთავარი კოცნა, ან დაშორების წუთები ამ შენობის თუნდაც შორეული ფონით. ეს ტაძარი იმაზე მეტია, ვიდრე თუნდაც რიტუალური ნაგებობა და ნივთები. და ზუსტად ვიცი, აღდგება და ცხოვრებას გააგრძელებს ახალი განცდებისთვის და მოგონებებისთვის.

ჩემი სიმბოლური სამძიმარი და თანამდგომა ფრანგებს. პრაქტიკულად კი ისინი დიდებულად მიხედავენ ამ საქმეს. "– წერს გიორგი კეკელიძე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge