Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:50 17.04.2019
"ქვეყნის წამყვანი ბანკის დირექტორმა დაადასტურა ჩემი შეფასებები ახალ საბანკო რეგულაციებზე, რომ ნებისმიერ შეზღუდვას ყოველთვის აქვს მოკლევადიანი ნეგატიური ზეგავლენა“

წამყვანი საბანკო და საფინანსო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე აცხადებს, რომ მისი პროგნოზი ახალ საბანკო რეგულაციებზე გამართლდა:

 

"ქვეყნის წამყვანი ბანკის დირექტორმა დაადასტურა ჩემი ბოლოდროინდელი შეფასებები და ანალიზი ახალ საბანკო რეგულაციებზე, როდესაც ცალსახად აღვნიშნე, რომ ნებისმიერ რეგულაციას ყოველთვის აქვს მოკლევადიანი ნეგატიური ზეგავლენა, რომელიც არის ამოწურვადი და დადებით შედეგს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში გვაძლევს, რისკების შემცირების, საპროცენტო განაკვეთების დაწევის და სისტემის სტაბილური განვითარების კუხით. ჩვენ ახალი საბანკო რეგულაციების კიდევ ერთ დადებით ეფექტსაც მალე ვნახავთ, როდესაც ბანკების საკრედიტო პორთფელის ბოლო წლების ასიმეტრია, რაც ბიზნეს დაკრედიტების ტემპების შემცირების ფონზე, სამომხმარებლო დაკრედიტების არაპროპორციულ ზრდაში იყო ასახული, გასწორდება და დაკრედიტების აქცენტები ბიზნეს დაკრედიტების მხარეს გადავა. საკრედიტო ინსტიტუტებსაც მოუწევთ არსებული ბიზნეს მოდელების ტრანსფორმაცია და გადაწყობა. ბუნებრივია, საცალო დაკრედიტების საკრედიტო ექსპანსია, რაც დიდწილად განაპირობებდა პორთფელის წლიურ სარეკორდო, მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით 5-ჯერ მაღალ ზრდას, შემცირდება, მაგრამ ეკონომიკური ეფექტი იქნება გაზრდილი. სწორედ ამ ფაქტორებს ვგულისხმობდი, როდესაც აღვნიშნე, რომ სამომხმარებლო კრედიტი არ არის სიღარიბის დაძლევის რეცეპტი, გამოსავალი არის ბიზნეს დაკრედიტების და ეკონომიკის სწრაფ ზრდაში. ამ განცხადებით ასევე დამტკიცდა, რომ პრობლემა იპოთეკური ბაზრის ვითომდა ჩამოშლაზე და ამ რეგულაციების ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენაზე, მთლიანად იყო თითიდან გამოწოვილი, ცალკეული პოლიტიკასთან აფილირებული საექსპერტო და ინტერესთა ჯგუფების მხრიდან“, წერს გიორგი ცუცქირიძე.

 

შეგახსენებთ, რომ „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, რეგულაციების „მოკლევადიანი გავლენა ამოწურულია“. ჯამური პორტფელი იზრდება. „შეიძლება ითქვას, რომ როდესაც სიტყვაზე, სამომხმარებლო სესხების ნაკლები ზრდა არის ან კლებაა, იპოთეკური სესხები მაინც იზრდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ლარის საკმაოდ მიმზიდველი განაკვეთით სესხები შევთავაზოთ ჩვენს მოსახლეობას იპოთეკური დაფინასების კუთხით. ეს საკმაოდ პოპულარული პროდუქტია“, - აღნიშნა არჩილ გაჩეჩილაძემ. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge