Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:23 18.04.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრო საუდის არაბეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საუდის არაბეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ჯორჯიან თაიმსი" უცვლელად გთავაზობთ:

 

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საუდის არაბეთის მოქალაქეებმა, დებმა მაჰა და ვაფა ალ-სუბაიებმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელეს ვიდეომიმართვა, სადაც აცხადებდნენ, რომ ისინი იმყოფებოდნენ საქართველოში. აღნიშნული პირები ასევე აცხადებდნენ, რომ მათ ემუქრებათ საფრთხე საკუთარი ოჯახის წევრებისგან.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებოდნენ მისამართზე, სადაც დები მაჰა და ვაფა ალ-სუბაიები დროებით ცხოვრობენ. სამართალდამცველების ვიზიტის მიზანი იყო მათთან გასაუბრება და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დახმარების შეთავაზება. ასევე ამ ქალბატონებს მიეწოდათ ინფორმაცია, მათი სურვილის შემთხვევაში, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მისაღებად საჭირო პროცედურების შესახებ.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ინფორმაციის მიწოდების და შესაბამისი განმარტებების მიღების შემდგომ, აღნიშნული პირები დათანხმდნენ მიგრაციის დეპარტამენტის ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს მიმღებ ცენტრში გადაყვანას თავშესაფრის მაძიებლობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გასავლელად.


აქვე განვმარტავთ, რომ ის ოჯახის წევრები, რომლებზეც დები ალ-სუბაიები მიუთითებდნენ, რომ საფრთხე ემუქრებათ, საქართველოში არ იმყოფებიან."– ნათქვამია განცხადებაში.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge