Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:48 18.04.2019
„გიორგი ქობულიას გადადგომა და ამ თანამდებობაზე ნათია თურნავას დანიშვნა მოხდა კონსულტაციის შედეგად“

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის კახა კახიშვილის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება შეთანხმდა როგორც თავად გიორგი ქობულიასთან, ასევე ნათია თურნავასთან და უმრავლესობის ლიდერებთან. აღნიშნულის შესახებ კახიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ განუცხადა. ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ქობულიას ნაცვლად, ნათია თურნავას დანიშვნის გადაწყვეტილების მიზეზებზე მთავრობის ადმინისტრაციაში არ საუბრობენ. კახიშვილის თქმით, ხვალ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ საკითხზე დამატებით განმარტებებს გააკეთებს.

 

„მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და ამ თანამდებობაზე დაინიშნა ნათია თურნავა. გადაწყვეტილების მიღება მოხდა კონსულტაციის შედეგად როგორც ბატონ გიორგი ქობულიასთან, ასევე, რა თქმა უნდა, დანიშვნის დროს ქალბატონ ნათია თურნავასთან, ამავდროულად, უმრავლესობის ლიდერებთან. როდესაც ვსაუბრობ, რომ კონსულტაციის შედეგად მოხდა გადაწყვეტილების მიღება, ეს იმას ნიშნავს, რომ კონსულტაციის შედეგად გადაწყდა. სხვა განმარტებებს ამ საკითხთან დაკავშირებით გააკეთებს პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე,“ - განაცხადა კახიშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge