Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:50 20.04.2019
„როგორც 1920 და 2002-03 წლებში არ იყო სათანადოდ მობილიზებული და ადეკვატური საქართველოს ხელისუფლება, ასევე არაადეკვატურია დღევანდელი მმართველი ძალა“

თეიმურაზ კვირკველიას ბლოგი - მათთვის, ვინც მშვიდად სუნთქავს:

 

"როგორი პარტნიორი შეიძლება იყოს რუსეთისთვის ადამიანი, რომელმაც მოაწყო საბჭოთა ჯარების სამარცხვინო გამოქცევა გერმანიიდან, სადაც მათ მიერ დატოვებული იქნა 800 სამხედრო ქალაქი, 5 000 საწყობი და ბაზა, 47 აეროდრომი?" "რაც შეეხება ვითარებას რეგიონში: სანამ შევარდნაძე თბილისში იმყოფება, ამიერკავკასია იქნება დაძაბულობის კერა!" ეს სიტყვები საქართველოს უშიშროების ყოფილ მინისტრს, მოგვიანებით, პრეზიდენტ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერორისტული აქტისათვის ძებნილ იგორ გიორგაძეს ეკუთვნის. ამ სიტყვებს მქუხარე ტაშით გამოეხმაურნენ საქართველოს კომუნისტთა ყრილობის მონაწილეები. ეს ციტატა შემთხვევით არ ამომიღია ჩემი წიგნიდან; თუ დააკვირდებით დღევანდელ ოპოზიციურ პარტიათა უმეტესობას და მათ რიტორიკას ივანიშვილის მიმართ, დაინახავთ, რომ ვითარება უკიდურესად მძიმდება საქართველოსა და უკრაინაში. ორივე ქვეყანაში მობილიზებული არიან პრორუსული, პროიმპერიული და ანტისახელმწიფოებრივი, იმწუთიერ მატერიალურ გამორჩენაზე ორიენტირებული დესტრუქციული ჯგუფები.

 

შევარდნაძე დიდი ხანია არ არის "თბილისში", მაგრამ ამიერკავკასია ისევ დაძაბულობის კერაა. უმძიმესი ვითარებაა უკრაინაშიც. მიმაჩნია, რომ ნაციონალური მოძრაობის, მიხეილ სააკაშვილის, ქართული წარმომავლობის რუსი პოლიტიკოსებისა და ოლიგარქების (ვისი ფულითაც ფინანსდება საქართველოში ყველა ანტისახელმწიფოებრივი აქცია) უპრეცედენტო გააქტიურება, მათი ღიად გამოჩენა საქართველოში, ძალიან გავს 1920 წლისა და 2002 - 03 წლების ვითარებას, რადგან როგორც მაშინ, ახლაც უპრეცედენტოდ მაღალია სახელისუფლო გუნდს შიგნით განხეთქილება, კარგად "ინფორმირებული" მედროვეები აქტიურად ეძებენ მომავლის "უსაფრთხო" პოლიტიკურ ჯგუფებს...

ვთვლი, რომ ისევე, როგორც 1920 და 2002-03 წლებში არ იყო სათანადოდ მობილიზებული და ადეკვატური საქართველოს ხელისუფლება, ასევე არაადეკვატურია დღევანდელი მმართველი ძალა. დაუშვებელია მოვლენების თვითდინებაზე მიშვება. აუცილებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს, სპეცსამსახურებისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს სრული დატვირთვით, საგანგებო რეჟიმში ამუშავება. აუცილებელია სასაზღვრო და საბაჟო სამსახურებისათვის ადეკვატური და ვითარებიდან გამომდინარე შესაბამისი ინსტრუქციების მიცემა, ასევე ასამუშავებელია საგანგებო საინფორმაციო - ანალიტიკური ცენტრი. ჩვენი სახელმწიფო ან იმოქმედებს ვითარებისდა მიხედვით პრინციპულად და დაუყოვნებლივ, ან უმოკლეს დროში გავიღვიძებთ სხვა რეალობაში, როცა ფაქტობრივად მოსახლეობაში ჩანერგილი ინდეფერენტიზმი იქნება სრული გარანტი საქართველოს სტრატეგიული, პოლიტიკური კურსის 180 გრადუსით შემოსაბრუნებლად. სწორედ ეს მოხდა 1921 წელს, როცა მოსახლეობის უმრავლესობის ინდეფერენტიზმმა (დაღლამ და გულგრილობამ!) განაპირობა რუსული არმიის გამარჯვება. 

 

ფრთხილად!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge