Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:55 25.04.2019
„ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკის მოუწია თქმა, რომ პუტინი მტერია - ჩვენთანაც იყო ხოლმე ასეთი გასართობი თემა, როცა მინისტრებს დასდევდნენ პუტინი მტერია თუ არაო“

ექსპერტი ამირან სალუქვაძე აქვეყნებს ვრცელ პოსტს რუსეთ-უკრაინის, ლიბიის და სხვა მიმდინარე საერთაშორისო ამბების შესახებ:

 

1. უკრაინა


1.1. უკრაინა-რუსეთის ურთიერთობები

 

1.1. პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ე.წ. დნრ და ლნრ-ის მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ. დონბასში გრძელდება აფხაზურ-სამხრეთოსური სცენარი, ოღონდ დაჩქარებული ტემპებით. ზელენსკის, თუ არ ვცდები, რუსეთმა დღემდე არ მიულოცა პრეზიდენტად არჩევა. როცა ვწერდი, რომ ზელენსკი რუსული პროექტია, განა იმას ნიშნავს, რომ რუსულ სპეცსამსახურებთანაა კავშირში?! ფაქტია, რომ თვეების მანძილზე მთელი რუსული მედია, მათი ტოკ-შოუებით, მუშაობდა პოროშენკოს დისკრედიტაციაზე, ხოლო ბოლო 2 თვე, ზელენსკის ფარულ მხარდაჭერაზე. რუსეთის გათვლა მარტივი იყო. თუ პოროშენკო მაინც მოიგებდა, ჰქონდათ ჩანაფიქრი, რომ არ ეცნოთ არჩევნები და გააგრძელებდნენ იგივე პროპაგანდას. ზელენსკის მოგება კი, როგორც ჩანს, მისი ფსიქოლოგიური პორტრეტის და მომზადების დონის გამო აწყობდათ. დებატებმა, ჟურნალისტებთან საუბრებმა აჩვენა, რომ ზელენსკი საკმაოდ სუსტადაა მომზადებული როგორც საერთაშორისო საკითხებში, ასევე რუსეთ-უკრაინის ურთიერთობების ნიუანსებშიც არაა გარკვეული. არჩევნების წინა დღეებში, იმისათვის რომ მოეგო ცენტრალური და დასავლეთ უკრაინის ამომრჩეველთა გული, რამდენიმე განცხადება გააკეთა ბანდერასთან, მინსკის პროცესთან და დონბასის სტატუსთან დაკავშირებით. ჯერ თქვა, რომ დონბასი განსაკუთრებულ სტატუსს ვერ მიიღებსო. ორ დღეში კი თქვა "მინსკის მიმართულება" გაგრძელდებაო. საქმე იმაშია, რონ მინსკი-2-ის საკვანძო მოთხოვნაა დნრ-ლნრ-ისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება. შესაბამისად, თუ სტატუსზე საუბარი არ იქნება, ვერც მინსკის ფორმატი გაგრძელდება. ასევე, მინსკი-2-ში საუბარი საერთოდ არაა ყირიმის შესახებ. ადრე ბევრჯერ დავწერე მინსკი-2-ის წამგებიანობაზე და აღარ განვავრცობ. ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკის მოუწია თქმა, რომ პუტინი მტერია. ჩვენთანაც იყო ხოლმე ასეთი გასართობი თემა, როცა მინისტრებს დასდევდნენ პუტინი მტერია თუ არაო. მიზანი რუსეთთან დიალოგის ჩაშლა იყო და არა პოლიტიკოსთა პოლიტიკური ორიენტაციის გარკვევა. იგივე მეორდება უკრაინაშიც. ზელენსკის ამ განცხადებას მოჰყვა პუტინის განკარგულება. კოლექტიური სოლოვიოვი პუტინის გადაწყვეტილებას ზელენსკის განცხადებით ამართლებს, პუტინს მტერი დაუძახაო. თუმცა, ადრე თუ გვიან, პუტინი ამ განკარგულებას მაინც გამოსცემდა. დონბასში კი დაჩქარებული ტემპებით დაიწყება პასპორტიზაცია, რაც როსტოვის ოლქში განხორციელდება. ნახეთ უკრაინის საარჩევნო რუკა რეგიონების მიხედვით, რომელმა რეგიონმა რა პოზიცია დააფიქსირა. პასპორტიზაციიდან რეფერენდუმამდე ერთი ნაბიჯია, ანექსიამდე - ორი.

 


1.2. შიდა პროცესები

1.2. ზელენსკის მდგომარეობა არაა სახარბიელო, თუ იმას არ ვიგულისხმებთ, რომ პრეზიდენტი გახდა და, სანამ შესძლებს, "ნირვანაში" იქნება. როგორც ვვარაუდობდი, პოროშენკოს პარტია არ ჩამოეშალა, მას რადაში 144 მხარდამჭერი ჰყავს. ფრაქციის შეკრება ჩაატარა. მანამდე ვიხილეთ მისი მხარდამჭერი აქცია კიევში. პოროშენკოს პარტიის გარდა, რადაში, ახალ პრეზიდენტს სხვა ოპონენტებიც ეყოლება. ზელენსკი შეეცდება შეცვალოს ძალოვანი ბლოკი გენპროკურორთან ერთად, თუმცა მოუწევს დეპუტატების დაყოლიება, რაც იოლი არ იქნება. ასევე, მას მუშაობა მოუწევს პოროშენკოს დატოვებულ მთავრობასთანაც. ეს დიდხანს არ გაგრძელდება, შემოდგომით რადას არჩევნებია. უკრაინაში საპარლამენტო-საპრეზიდენტო მოდელია. ზელენსკის წარმატებული საქმიანობა ზუსტად ამ არჩევნების შედეგებზე იქნება დამომიდებული, - ვინ მოვა პარლამენტში. მანამდე კი მოსალოდნელია საკმაოდ ცხელი პოლიტიკური პროცესები, მძაფრი კონკურენცია. არც მასობრივი გამოსვლებია გამორიცხული.

 

2. ლიბიაში მარშალი ჰაფთარი ტრიპოლზე შეტევას აგრძელებს. როგორც რუსული მედია გვამცნობს, ხაფტართან საუბარი ჰქონდა ტრამპს. როგორც ჩანს, ევროპის და აშშ-ს პოზიციები, ლიბიასთან მიმართებაში, განსხვავდება.

 

3. ვლადივოსტოკში პუტინისა და კიმ ჩენ ინის სამიტი დაიწყო. შედეგები საინტერესოა, თუმცა ბევრ რამეს ან ვერ, ან დროში გავიგებთ. მათი საუბარი ერთი-ერთზე დახურული მოლაპარაკებით დაიწყო. მინისტრები შემდეგ შეუერთდებიან. საინტერესო კი ზუსტად ერთი-ერთზე საუბრის თემები და შედეგები იქნება, მაგრამ დახურულად დარჩება და დროში უნდა დავაკვირდეთ, რა პოზიციებზე დადგება ჩრდ. კორეა. პუტინი ამ შეხვედრისგან მაქსიმუმის მიღებას შეეცდება.

 

4. შრი-ლანკაში გრძელდება ტერაქტები. კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. მსხვერპლზე ინფორმაცია არ ვრცელდება. მანამდე, სპეცსამსახურებმა ერთი აფეთქების აღკვეთა მოახერხეს. წინა აფეთქებების შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 360-ს (შეიძლება მოიმატა), დაშავებულთა კი 500-ს აღწევს.

5. რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ხანძრები გრძელდება. იწვის დაახლოებით 25 ათასი ჰექტარი. ხანძრების შედეგად დაიწვა 100-ზე მეტი სახლი და ასობით შინაური ცხოველი, მ.შ. ცხენები, ცხვრები. ჩვენ უნდა დავიწყოთ ზაფხულისთვის მზადება. მნიშვნელოვანია პროფილაქტიკური სამუშაოების გაწევა ადამიანური ფაქტორით ხანძრების თავიდან ასაცილებლად.

 

6. გერმანული მედია წერს, რომ "ჩრდილოეთ ნაკადი-2" შესაძლოა არარენტაბელური გახდეს.

 

7. რუსეთში უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა, რომლის ფარგლებში გააკეთა შოიგუმ მუქარის განცხადებები. ცინიკური ისაა, რომ კონფერენციის მთავარი თემა ჰიბრიდული ომები იყო.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge