Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:45 18.05.2019
“დაძაბულობა, პროვოკაციები, ყუთების გატაცება, საარჩევნო უბნებზე შევარდნა" - რა მოლოდინებია 19 მაისის არჩევნებზე

“ხელისუფლების და ოპოზიციის ბრძოლა ერთი შეხედვით არცთუ ისე მნიშვნელოვანი შუალედური არჩევნებისთვის უკვე სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებად იქცა. ანალიტიკოსები და პოლიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა ზუგდიდში, მარნეულსა და მთაწმინდაზე გაიმართება, ელიან, რომ მარნეულსა და ზუგდიდში იქნება საარჩევნო უბნების დარბევა და ყუთების გატაცების ფაქტები. მათი აზრით, ხელისუფლებამ ამჯერადაც მოახერხა კონკურენტული კანდიდატი დაეყენებინა თბილისში, მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარულ არჩევნებში. სავარაუდოდ, მთაწმინდაზე მეორე ტური გახდება საჭირო, რომელიც ლადო კახაძესა და შალვა შავგულიძეს შორის გაიმართება...”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “დაძაბულობა, პროვოკაციები, ყუთების გატაცება და საარჩევნო უბნებზე შევარდნა - რა მოლოდინებია 19 მაისის არჩევნებზე.


“ამასთან ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდეს და მისი უძლეველობის მითი არ დაინგრეს. ხელისუფლებისათვის ღირსებისა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ზუგდიდი იმდენად გადამწყვეტია, რომ სახელისუფლებო კანდიდატის წარდგენაში “ოცნების” ყველა რეიტინგულმა სახემ მიიღო მონაწილეობა და ირიბად - ბიძინა ივანიშვილმაც, რომელმაც საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარეც იახლა სამეგრელოში, ზვიად გამსახურდიას მუზეუმის აშენებაც დაავალა, გაზის გაყვანაც და რეგიონის აღორძინებაც. მესამე ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო უბნად მარნეულს მიიჩნევენ, სადაც დაძაბულობა ყველა არჩევნების დროს არის. ანალიტიკოსები 19 მაისის ადგილობრივი არჩევნების 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გენერალური რეპეტიციად მიიჩნევენ. მათი აზრით, რომ არა მომავალი საპარლამენტო არჩევნები, შუალედურს ამხელა მნიშვნელობა არ მიენიჭებოდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“გეგმა ასეთია - “გაერთიანებული ოპოზიცია” არჩევნებამდე ზუგდიდში 5000-მდე მხარდამჭერს ჩაიყვანს. არჩევნების დღეს მათ მუნიციპალიტეტის 107 უბანზე გადაანაწილებენ. თითო უბანზე, როგორც ადგილობრივ, ისე ჩამოყვანილ 50-მდე წარმომადგენელს მიამაგრებენ. მაქსიმალურად შეეცდებიან “ტემპერატურის” აწევას, სიტუაციას დაძაბავენ და დესტაბილიზაციის შექმნას შეეცდებიან”, - ასეთია “ქართული ოცნების” პროგნოზი და ამაზე განცხადება ზუგდიდის შტაბში ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა. მოგვიანებით “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გროგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ისინი ზუგდიდში 5000 დამკვირვებლის მობილიზებას გეგმავენ. “ოცნების” ამ ბრალდებაზე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის განცხადებები აბსურდია, რადგანაც ისინი ზუგდიდში დამკვირვებლების ჩაყვანას აპირებენ, რომლებიც ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ხელს შეუშლიან. დეკანოიძე ამბობს, მათ მთელი დღის განმავლობაში სუს-ის თანამშრომლები დასდევენ, უთვალთვალებენ და გარკვეულ პროვოკაციებს უწყობენ. შსს-ს თანამშრომლებს დააწერინეს შვებულებები და ზუგდიდში ჩაიყვანეს, ასევე ხდება საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანების მობილიზება. “ქართული ოცნების” წევრი ნუკრი ქანთარია კი ამბობს, რომ “ნაციონალური” მოძრაობა თავად არის დაინტერესებული, რათა ზუგდიდში სიტუაცია დაძაბული იყოს, რადგანაც მათი კანდიდატი არჩევნებს აგებს. დეპუტატი ასევე არ გამორიცხავს, რომ რიგ საარჩევნო უბნებზე მეორე ტურები დაინიშნოს”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“ჩვენ ზუგდიდში, რა თქმა უნდა, ვაპირებთ, რომ ხელისუფლებას გაყალბების უფლება არ მივცეთ. ამიტომ ჩვენს დამკვირვებლებს ფაქტია, რომ ჩამოვიყვანთ. რაც შეეხება დესტრუქციულ ქმედებებს და პროვოკაციების მოწყობას, დანელიას, კვარაცხელისა და შელიას პატრონები, რომლებიც უშუალოდ სუს-ის დავალებებს ასრულებენ, ჩვენ გვეუბნებიან, რომ პროვოკაციების მოწყობა გვინდა?! ხალხმა არ მოისმინა, ვინ აპირებს მოსახლეობის გატაცებას და დაშინებას?! პოლიცია სამ საარჩევნო უბანს იცავს. ამხელა რაოდენობის სამართალდამცველები ჰყავთ გამოყვანილი, ვის პროვოკაციებზე ლაპარაკობენ... რაც შეეხება ირაკლი ჩიქოვანს და “ოცნების” შტაბს, არ მჯერა ადამიანების, რომლებიც საკუთარ თანაგუნდელებს განუდგება. აქ სიტუაციას გახარია და სუს-ი აკონტროლებს. ჩვენ მშვიდ საარჩევნო კამპანიას ვაპირებთ. ვართ საკმაოდ მობილიზებულები. საერთოდ დისკრედიტირებულია საოლქო საარჩევნო კიმისია, ჩავუგდეთ ყველა გაყალბების გეგმა. იდეოლოგიურად არამდგრადი ჩიქოვანის განცხადებები არ მაინტერესებს. ჩვენ არანაირ დაძაბულობას არ ვაპირებთ, მაგრამ აქეთ სუს-ის დავალებით ველით, რომ ჩვენს მიმართ პროვოკაციები იქნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხატია დეკანოიძე.

 

“რა თქმა უნდა, ველით მეორე ტურებს. ამის პრაქტიკა გვაქვს უკვე და აქ გასაკვირი არც არაფერი იქნება. დაველოდოთ არჩევნების დღეს და გამოჩნდება, სად დაინიშნება მეორე ტურები. ასე ახლა წინასწარ პროგნოზირებისგან თავს შევიკავებ. უბრალოდ გეტყვით, რომ ყველაზე მეტად მეორე ტურს ზუგდიდში უფრო არ ველი. მართალია აქ ფონი ყველაზე დაძაბულია, მაგრამ ესეც ოპოზიცის მხრიდან ხელოვნურად გამოწვეული მგონია. სანდრა რულოვსის კანდიდატურის დაყენება უკვე პროვოკაცია იყო. არ მგონია, რომ ზუგდიდში მეორე ტური იყოს. “ნაციონალების” მხრიდან ისეთი ხლაფორთი მიდის და ყველაფერს ისეთ ისტერიკას უპირისპირებენ, აი, აქ ეჭვი მიჩნდება. “ოცნება” თავისი ამომრჩევლის მობილიზებას მოახდენს და ახდენს მხოლოდ ერთი მოტივით - რომ ამომრჩევლი დარწმუნებული იყოს, მივიდეს საარჩევნო ყუთთან და მხარი დაუჭიროს იმას, ვისაც სურს. როგორ შეიძლება ხელისუფლებას დაძაბულობის კერის გაღვივება უნდოდეს? ეს მხოლოდ “ნაციონალებს” აწყობს და ხედავთ მათ ისტერიკასაც“, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნუკრი ქანთარია.

 

“ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე რამდენიმე ფაქტორს ასახელებს, რის გამოც შუალედური არჩევნები როგორც “ოცნებისთვის”, ასევე ოპოზიციისთვის ასეთი მნიშვნელოვანი გახდა. ანალიტიკოსი მოელის, რომ მეორე ტური თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე დაინიშნება და მისი აზრით, ეს დამოკიდებული იმაზე იქნება, ოპოზიცია დამკვირვებლების გაშლას როგორ და რა ფორმით მოახდენს. მისი აზრით, მოსალდნელია ზუგდიდში და მარნეულში კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე შევარდნა და ყუთების გატაცება. ამ რაიონებში ლაგაზიძე ფიქრობს, რომ ხელისუფლებას გაყალბება გაუჭირდება, ამიტომაც ის ყველა ნაბიჯზე შეიძლება წავიდეს. თავის მხრივ კი ოპოზიცია ეცდება, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლეთი დაარწმუნოს იმაში, რომ შუალედური არჩევნების შედეგის გათვალისწინებით, 2020 წელს უფრო მეტი დამკვირვებელი გამოუშვას. მისი აზრით, ეს არის საპარლამენტო არჩევნების რეპეტიციაა და რომ არა მომავალი საპარლამენტო არჩევნები, შუალედურს ამხელა მნიშვნელობა არ მიენიჭებოდა”, - დასძენს გამოცემა.

 

“რატომ გახდა შუალედური არჩევნები ასეთი მნიშვნელოვანი - სამ მთავარ სეგმენტად დავყოფ. უპირველესი არენა, სადაც ბრძოლა ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია, ზუგდიდია, რადგანაც თუ იქ სანდრა გაიმარჯვებს, ამას აუცილებლად დომინოს ეფექტი ექნება. ხელისუფლების ჩამოშლის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა შეიქმნება. პარლამენტში და პარტიაში ისეთი დუღილია, რომ საკმარისია სანდრას გამარჯვება მოხდეს, ერთ წელში “ოცნებაში” კარის გამღები კაცი აღარ დარჩება. ამის კლასიკური მაგალითი შევარდნაძის ხელისუფლებაა, პრაქტიკულად 2002-დან უკვე სააკაშვილთან მისი მინისტრების და დეპუტატების რიგი იდგა, რომლებიც მასთან სიტუაციას ალაგებდნენ. დიდი ალბათობით, თუ რულოვსი გაიმარჯვებს, ზუსტად იგივე მოხდება. საზოგადოების პოლარიზება კიდევ უფრო მოხდება და “ოცნებაში” პორტირებული “ნაციონალები” პირველები იქნებიან, ვინც ივანიშვილს გაემიჯნებიან. სააკაშვილის რეალური დაბრუნების შიში გაჩნდება და მასთან რაღაცეების დალაგებას ბევრი დაიწყებს... „ნაციონალები“ გარკვეული იდეის გარშემო იყვნენ გაერთიანებული, ხოლო “ოცნებას” არანაირი იდეა არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, პრაგმატული მოსაზრების და შიშის გამო, “ნაციონალებში” ბევრი გადავა. ხოლო ვინც დარჩება, ეს ორი კატეგორია იქნება: ერთი - ვისაც “ნაციონალებთან” საერთოდ არ მიესვლება და მეორე - ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ამ ხელისუფლების ფინანსებით იკვებებიან”, - დაასკვნის გამოცემასთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

ავტორ(ებ)ი : რეზონანსი