Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:37 18.05.2019
პოლიციამ თბილისში ყალბი 500-ევროიანების გასაღების ფაქტზე უკრაინის 2 მოქალაქე დააკავა

სამართალდამცავებმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, უკრაინის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, სამართალდამცავებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული 12 ყალბი 500-ევროიანი კუპიურა ამოიღეს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, უკრაინის რესპუბლიკის 2 მოქალაქე - 1994 წელს დაბადებული ე.მ. და 1989 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს.

დანაშაული 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ე.მ.-მ თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში 2 ყალბი 500-ევროიანი კუპიურა გაასაღა. სამართალდამცველებმა ყალბი ფული ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

პოლიციამ, ე.მ.-ის და მისი მეგობრის - ა.ა.-ის პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული 12 ყალბი 500-ევროიანი კუპიურა ამოიღო.

გამოძიება დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge