Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:37 18.05.2019
ხვალ არჩევნები 410 საარჩევნო უბანზე გაიმართება, სადაც რეგისტრირებულია 402 091 ამომრჩეველი

ხვალ არჩევნები 410 საარჩევნო უბანზე გაიმართება, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 402 091 ამომრჩეველი,"- ამის შესახებ ცენტრალურისაარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ცესკოს ინფორმაციით, თითოეულ საარჩევნო უბანს უკვე გადაეცა ყველა საჭირო ინვენტარი და დოკუმენტაციის გადაცემის პროცესი დღეს დასრულდება. როგორც მიქელაძემ აღნიშნა, ხვალ, დილის რვა საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად. 

 

„ხვალ, 19 მაისს, თბილისში, #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება. გარდა ამისა, 19 მაისს, მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. 19 მაისს არჩევნები გაიმართება 410 საარჩევნო უბანზე, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 402 091 ამომრჩეველი.

 

არჩევნების დღეს ამომრჩევლები ძირითადად ერთ საარჩევნო ბიულეტენს მიიღებენ, ხოლო ზესტაფონსა და ჭიათურაში, იმ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც მერის რიგგარეშე არჩევნებთან ერთად იმართება საკრებულოების შუალედური არჩევნები - 2 ბიულეტენს. ამასთან, ბიულეტენები დაბეჭდილია როგორც ქართულ, ისე შესაბამისი საარჩევნო უბნებისთვის, ქართულ-აზერბაიჯანულ და ქართულ-სომხურ ენებზე. აღსანიშნავია, რომ 19 მაისს, საარჩევნო ადმინისტრაცია წყალტუბოსა და ტყიბულში 8 საარჩევნო უბანზე ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტის კიდევ ერთ ეტაპს განახორციელებს," - განაცხადა ანა მიქელაძემ.

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 19 მაისის არჩევნებს 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6 139 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი დააკვირდება. არჩევნების დღეს გააშუქებს 45 მედია ორგანიზაციის 1 917 წარმომადგენელი. 19 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge