Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:26 21.05.2019
მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა „ევროპა ნოსტრას" ჯილდო მოიპოვა

ევროკომისიამ და ევროპა ნოსტრამ შემოქმედებითი ევროპის პროგრამით დაფინანსებული კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების – ევროპული მემკვიდრეობის პრიზის, „ევროპა ნოსტრას” ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებულები გამოავლინა. კონკურსის კონსერვაციის კატეგორიაში გამარჯვებულთა შორის მოხვდა ციხე-სოფელი მუცოს (საქართველო) რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც საკონკურსო ნომინანტად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წელს წარადგინა.

 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტოს ინორმაციით, ევროპული მემკვიდრეობის პრიზი, „ევროპა ნოსტრას” ჯილდო მუცოს არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტმა 16 ქვეყნის 25 ლაურეატთან ერთად მოიპოვა. დამოუკიდებელი ჟიურის მიერ კონკურსის გამარჯვებულები 34 ქვეყნიდან წარდგენილი 149 განაცხადიდან შეირჩა. ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოს გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს პარიზში, ევროპული მემკვიდრეობის კონგრესის ფარგლებში გაიმართება.

 

წლის საუკეთესო კონსერვაციის პროექტის ჯილდოს მინიჭებისას კონკურსის ჟიურიმ აღნიშნა – მუცოს რეაბილიტაციის პროექტი ეხმიანება მთის თემების დეპოპულაციის პრობლემას – გამოწვევას, რომლის წინაშეც მთელი ევროპა დგას, მუცოს რესტავრაციამ განაპირობა ადგილობრივი თემის ცნობიერების ამაღლება მათი არამატერიალური მემკვიდრეობისა და კავკასიელი ხალხის ისტორიის შესახებ, რამაც თავის მხრივ წაახალისა მემკვიდრეობასთან მათი ურთიერთობის აღდგენა. ჟიურიმ პრიორიტეტად მიიჩნია ტრადიციული ხელოსნობის გაგრძელება, რამაც სამომავლოდ მისი შენარჩუნება უნდა უზრუნველყოს.

 

მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტს 2014 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. სახელმწიფო ბიუჯეტის დანახარჯების ოდენობამ 2014-2015 წლებში მილიონ 450 ათასი ლარი შეადგინა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში კი, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დანახარჯების ჯამურმა ოდენობამ – მილიონ 215 ათასი ლარი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge