Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:47 22.05.2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, სამუშაო ვიზიტით, გაერთიანებული სამეფოს და ჩრდილოეთ ირლანდიის დელეგაცია იმყოფებოდა

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, სამუშაო ვიზიტით, გაერთიანებული სამეფოს და ჩრდილოეთ ირლანდიის დელეგაცია იმყოფებოდა. დელეგაციის წევრებს საგამოძიებო სამსახურის  უფროსის მოადგილეები ვახტანგ ფარესიშვილი და ვაჟა ფანოზიშვილი, ასევე უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები, შეხვდნენ. დიდი ბრიტანეთის დელეგაციას  გაერთიანებული სამეფოს და ჩრდილოეთ ირლანდიის შემოსავლების და საბაჟო დეპარტამენტის ფისკალური დანაშაულების რეგიონალური ხელმძღვანელის მოადგილე სტეფან ჯოისი ხელმძღვანელობდა,  დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ დიდი ბრიტანეთის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო დაზვერვის და ოპერაციების დეპარტამენტის რეგიონაური დირექტორი გრემ ჰენკოკი და ამავე დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფიცერი  ამანდა ჰიკმანი, შეხვედრას, ასევე ესწრებოდა დიდი ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მდივანი სოფი სტიუარტი.

 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა ბრიტანელ სტუმრებს  უწყების საქმიანობის  ძირითადი მიმართულებები გააცნეს და საფინანსო - ეკონომიურ სფეროში ჩადენილი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ მეთოდებზე ესაუბრნენ. სტუმრები დაინტერესდნენ  კონტრაბანდის, ყალბი ფულის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის გამოვლენა -  აღკვეთის და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების გამოძიების კონკრეტული მიმართულებით. საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ  საგამოძიებო უწყების  ეფექტიანი და წარმატებული მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.


შეხვედრაზე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა ისაუბრეს თავიანთი საქმიანობის პრაქტიკულ მიმართულებებზე და  გამოძიების პროცესში სამართალდამცავ უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე.

 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა   საფინანსო - ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის კოლეგა უწყებებს შორის არსებულ შედეგიან თანამშრომლობას. ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების საქმიანობის გაღრმავების, პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და  ურთიერთხელშეწყობის მიზნით, ბრიტანელ  და ქართველ კოლეგებს შორის კვლავ დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge