Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:06 22.05.2019
ცოლის და ორი მცირეწლოვანი შვილის სახლში გამოკეტვის გამო სამართალდამცავებმა მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი მუქარის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული ზ.ჯ. დააკავეს.

 

ვაკე-საბურთალოს სამმართველოში შეტყობინება შემოვიდა, რომ თბილისში, მოქალაქეს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩაკეტილი ჰყავდა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, რომლებზეც ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

 

უწყების ცნობით, სამართალდამცველები ადგილზე შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადნენ. მათივე ინფორმაციით, პოლიციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, მოქალაქე პოლიციასთან კავშირზე არ გამოდიოდა და კარს არ აღებდა. ადგილზე გამოძახებულ იქნა სამართალდამცველთა დამატებითი ჯგუფები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებმაც საცხოვრებელ ბინაში სპეცტექნიკის გამოყენებით შეაღწიეს და ზ.ჯ. დააკავეს.

 

ამ დროისთვის დაკავებულის ოჯახს საფრთხე აღარ ემუქრება.

 

გამოძიება ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და11-პრიმა 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge