Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:40 23.05.2019
"ლარის კურსთან დაკავშირებით არის ძალიან მოკლევადიანი ეფექტი და უახლოეს პერიოდში დავუბრუნდებით იმ ეკვილიბრიუმს"

საქართველოს აქვს მცირე ზომის ეკონომიკა და ბუნებრივია მეზობელი დიდი ქვეყნები, თავიანთი დიდი ეკონომიკით ახდენენ გავლენას ლარის კურსზე და ზოგადად მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანა უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება იმ ეკვილიბრიუმს, რასაც უნდა დაუბრუნდეს.

 

„ექსპორტის მაჩვენებელი არის ისტორიულ მაქსიმუმზე, ტურიზმის ციფრები არის ძალიან კარგი. მიმდინარეობს ის აქტიური პროცესი, რასაც სავაჭრო დეფიციტის შემცირება ჰქვია. აქედან გამომდინარე, ყველა ფუნდამენტური ფაქტორი არის ძალიან მდგრადი და პოზიტიური. თუმცა, რა თქმა უნდა, იმ მოვლენებმა, რომელსაც აქვს ადგილი თურქულ ეკონომიკაში, ბუნებრივია თავისი გავლენა იქონია, მაგრამ იმ ფაქტორებიდან გამომდინარე, რომელიც მე დაგისახელეთ, ამავე დროს, იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნული ბანკის რეზერვები არის  ძალიან მასშტაბური და მყარი, ჩვენი მაკროეკონომიკური პარამეტრები არის ძალიან მდგრადი და ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამაც დაადასტურა, შეფასება არის ერთმნიშვნელოვანი - ეს არის ძალიან მოკლევადიანი ასახვა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველო მდებარეობს რეგიონში, სადაც ყოველთვის იქნება გარვეული ტიპის რისკების ან მცირე შოკების საფრთხე, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკა არ უნდა იყოს ადვილად მოწყვლადი.

 

„სწორედ ამისთვის დავიწყეთ ლარიზაციის გეგმა, რომ რაც შეიძლება ნაკლებად იყოს დამოკიდებული საქართველოს თითოეული მოქალაქე გაცვლით კურსზე. იყო პერიოდი საქართველოში, როდესაც დოლარიზაციის მაჩვენებელი იყო უმაღლეს წერტილში. რა თქმა უნდა, ეს იყო უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგი. მეორე ეს გახლავთ სავაჭრო დეფიციტი, რომელიც არის ჩვენი ეკონომიკის აქილევსის ქუსლი ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, რამდენიმე წლის წინ მიმდინარე ანგარიშის დეფიტი საქართველოში შეადგენდა თითქმის 13 პროცენტს, რაც ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია მსოფლიოში და ''ქართულმა ოცნებამ" ეს მაჩვენებელი გაანახევრა. 

 

„ორიენტირება ექსპორტზე, მომსახურების სექტორზე, ტურიზმზე, იმპორტის ჩანაცვლებაზე და, რაც მთავარია, ლარიზაციაზე არის ერთადერთი გარანტი გრძელვადიან პერსპექტივაში იმისთვის, რომ საქართველო არ იყოს ასეთი მოწყვლადი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მეზობლების და მეზობელი ეკონომიკების გავლენაზე საქართველოზე. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ვცდილობთ ჩვენი საექსპორტო საქონლის მაქსიმალურ დივერსიფიკაციას, იმას, რომ ვიყოთ ორიენტირებული ევროკავშირის ბაზარზე და სხვა შორეულ ბაზრებზე, როგორიც არის მაგალითად ჩინეთი. შესაბამისად, დასკვნაც არის ძალიან მარტივი, რომ ეს არის, როგორც ჩანს, ძალიან მოკლევადიანი ეფექტი და უახლოეს პერიოდში ჩვენ დავუბრუნდებით იმ ეკვილიბრიუმს, რასაც უნდა დავუბრუნდეთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge