Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:24 23.05.2019
ინტერპოლმა პედოფილთა ქსელი გაანადგურა - საბავშვო პორნოგრაფია იდებოდა დარქნეტში ვებგვერდზე, რომელსაც 63 ათასამდე გამომწერი ჰყავდა

ინტერპოლი პედოფილთა ქსელის განადგურების შესახებ იუწყება, რომელიც ინტერნეტის ჩრდილოვან სეგმენტში - დარქნეტში ფუნქციონირებდა. საერთაშორისო საპოლიციო უწყების ინფორმაციით, ტაილანდში, ამერიკასა და ავსტრალიაში 9 ადამიანია დაკავებული, რომლებსაც ხანგრძლივი დროით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. დამნაშავეთა ყველაზე მცირეწლოვანი მსხვერლის ასაკი 15 თვეს შეადგენდა. გადარჩენილია 50 ბავშვი. მთლიანობაში, სექსუალურ ძალადობას განიცდიდა ასზე მეტი ბავშვი. გამომძიებლები მათი ვინაობის დადგენას ცდილობენ. საბავშვო პორნოგრაფია იდებოდა დარქნეტში ვებგვერდზე, რომელსაც 63 ათასამდე გამომწერი ჰყავდა.

 

ტაილანდში დაკავებულ ვებგვერდის ადმინისტრატორს 11 ბავშვზე ძალადობისთვის 146 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ავსტრალიაში დაკავებულ პირს, რომელსაც ბრალად ედება 15 თვის ბავშვზე ძალადობა, 40 წლით პატიმრობა შეეფარდა. გერმანიაში ინტერპოლის გენერალურმა მდივანმა იურგენ შტოკმა პედოფილების ქსელის განადგურებას იმ ვებგვერდების ოპერატორებისთვის, ვინც საბავშვო პორნოგრაფიას ავრცელებს, ძლიერი სიგნალი უწოდა და განაცხადა: „ჩვენ ყველას გხედავთ და ყველა პასუხს აგებთ“. ინტერპოლის ოპერაცია ორი წლის განმავლობაში გაგრძელდა. ანალოგიური საგამოძიებო მოქმედებები კიდევ 60 ქვეყანაში მიდმინარეობს და მოსალოდნელია ახალი დაკავებები.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge