Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:38 23.05.2019
„პირველად მყავდით ეთერში, მით უმეტეს, ამ დოზით და უცნაური რესპონდენტი აღმოჩნდით, ჩხუბის განწყობაზე არ დავმდგარვარ“

„არჩევნების ეს შედეგები მოსალოდნელი იყო, რადგან წინასწარ კვლევებს ვატარებდით და ჩვენს კანდიდატებს ჰქონდათ სოლიდური უპირატესობა. შესაბამისად, ველოდით გამარჯვებას. მესმის, რომ ბევრი პრობლემაა რეგიონებში, აქტიური კომუნიკაცია მაქვს მოსახლეობასთან და მათგან მიღებული ინფორმაციით ბევრი რამ შევცვალეთ. ძალიან მნიშვნელოვანი გეგმების განხორციელება გვაქვს დაწყებული. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს ნდობისთვის, რომ გამოწვევების მიუხედავად, რაც ოჯახების წინაშე ობიექტურად არსებობს, მათ აქვთ ნდობის მაღალი ხარისხი მმართველი ძალის მიმართ და ჩვენ ამ ნდობას აუცილებლად გავამართლებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადაცემაში „რეაქცია“, სადაც სტუმრად მყოფმა წამყვანის ბევრ კითხვას უპასუხა.

 

„კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ტყუილები, რომელიც სამწუხაროდ, მოდიოდა „ნაციონალური მოძრაობისგან“ და ამ არჩევნებმა ეს კიდევ ერთხელ გამოკვეთა. სხვა მუნიციპალიტეტებში იყო მსგავსი ემოციები? ამის პასუხია ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი აკეთებს ყველაფერს, რომ როგორმე შემოიტანოს არეულობის განცდა საქართველოში. სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩატარებული არჩევნები არის ამის მკაფიო დემონსტრირება, რატომ არ იყო სხვაგან მსგავსი ატმოსფერო?! ზუგდიდის არჩევნებზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა საზოგადოების განწყობა. მმართველი გუნდის კანდიდატის მხარდაჭერამ 60%-ს გადააჭარბა, რაც ძალიან კონკრეტული გზავნილია. 2012 წლიდან მოყოლებული არ ყოფილა არჩევნები, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ უპასუხისმგებლო ლიდერებს არ გაუკეთებიათ იგივე განცხადებები, რაც ამჯერად, მაგრამ დღემდე ყველა არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, დემოკრატიულ რეჟიმში. ეს არ არის მხოლოდ ჩემი შეფასება. „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივია, ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ყველაზე დიდ მონაპოვარს. ჩვენი გუნდის მონაპოვარია ის, რომ ქართველ ერს აქვს არჩევანი და მხოლოდ ის იღებს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

“დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. პირველად მყავდით ეთერში, მით უმეტეს ამ დოზით და უცნაური რესპონდენტი აღმოჩნდით, ჩხუბის განწყობაზე არ დავმდგარვარ. არ ვიცი რატომ. იმიტომ, რომ პირველად იყავით ჩემი სტუდიის სტუმარი, თუ რა ხდება არ ვიცი”, – მიმართა ინგა გრიგოლიამ მამუკა ბახტაძეს, რაზეც ბახტაძემ უპასუხა: “მე მგონი შინაარსიანი ეთერი იყო”, – დასძინა მამუკა ბახტაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge