Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

01:04 24.05.2019
„ადამიანები ქვეყანაში არსებული სიკეთეებით ბოლომდე ვერ სარგებლობენ და რესურსების სამართლიანი განაწილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა“

ქვეყანამ უზარმაზარი, გრანდიოზული ცვლილება განიცადა - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ყოფილმა ვიცე-პრემიერმა თემურ ბასილიამ განაცხადა, რომელიც საქართველოში 15-წლიანი დევნილობის შემდეგ დაბრუნდა. მისივე თქმით, მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს თუ შევხედავთ, თითქმის ყველაფერი ნორმალურადაა. ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა და სტაბილურობაა, ინფლაციაც გარკვეულწილად კონტროლდება. თუმცა, მისივე თქმით, მთავარია, რომ ამ ეკონომიკური ზრდით რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს სარგებელი.

 

„ჩამოსვლის შემდეგ ამ 15-წლიანი სხვაობის შეფასებისას, შემიძლია ვთქვა, რომ ქვეყანამ განიცადა უზარმაზარი ცვლილება. არ ვიცი ეს სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დაიწყო თუ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, მაგრამ ფაქტია, რომ გრანდიოზული ცვლილებაა. ამ დღეებში უამრავ ადამიანთან მქონდა საუბარი და ჩემი შთაბეჭდილება საკმაოდ მძიმეა - უმეტეს მათგანს საკმაოდ პესიმისტური და დეპრესიული მდგომარეობაც კი ჰქონდა. ქვეყანაში განხორციელებული ცვლილებები და საზოგადობის განწყობა ერთმანეთთან თანხვედრაში არაა. მესმის, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს ცვლილებები შეიძლება ვერ აღიქვა, მაგრამ ამას შესაძლოა, ობიექტური ფაქტორები ჰქონდეს. მათ შორის ერთ-ერთი ფაქტორი რესურსების არათანაბარი განაწილებაა, ადამიანები ქვეყანაში არსებული სიკეთეებით ბოლომდე ვერ სარგებლობენ და რესურსების სამართლიანი განაწილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, რათა მოქალაქეთა დამოკიდებულება შემსუბუქებულიყო. მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს თუ შევხედავთ, თითქმის ყველაფერი ნორმალურადაა - ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა არსებობს, ინფლაცია გარკვეულ კონტროლშია. თუმცა, მესმის რომ ადამიანები მეტს ითხოვენ და მთავარია, რომ რაც შეიძლება უფრო მეტმა ადამიანმა მიიღოს სარგებელი ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ზრდით,“-აღნიშნა ბასილიამ.

 

შეგახსენებთ, რომ ყოფილი ვიცე-პრემიერი და პრეზიდენტ შევარდნაძის ეკონომიკური მრჩეველი თემურ ბასილია 2008 წელს ქრთამის აღების ცრუ ბრალდებისთვის გაასამართლეს და 9 წელი მიუსაჯეს. 2011 წლის 26 მაისს, ბასილიას ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, მისი საქმე 2018 წლის აპრილში შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშიც მოხვდა. 2018 წელს სააპელაციო სასამართლომ ძებნილი მსჯავრდებული თემურ ბასილია გაამართლა, ერთი წლის შემდეგ კი მან საქართველოში დაბრუნება შეძლო.

 

 


 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge