Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:46 31.05.2019
ტრიო ,,ბალადა“ საპრეზენტაციო კონცერტისთვის ემზადება

2 ივნისს, 19.00 სთ-ზე, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის, დიმიტრი ალექსიძის სახელობის დარბაზში, ტრიო ,,ბალადა“ საპრეზენტაციო კონცერტს გამართავს.

 

ტრიო, რომლის რეპერტუარიც ქართულ ტრადიციულ და ქალაქურ, ასევე სხვა ქყვეყნების პოლიფონიურ მუსიკას მოიცავს, უკვე 6 წელია არსებობს. შემადგენლობა ამ ხნის მანძილზე რამდენჯერმე შეიცვალა. 2017 წლიდან კი, ,,ბალადას“ ზუკა ბახტაძე ბალანჩივაძე, ბაჩო მაღლაკელიძე და  ლევან ქუთათელაძე წარმოადგენენ.

 

ბოლო ორი წლის განმავლობაში ბიჭები აქტიურად მუშაობენ რეპერტუარზე,  წერენ სიმღერებს სოლო ალბომისთვის და მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სახის კონცერტებსა თუ პრეზენტაციებში. ამ დროისათვის ,,ბალადას“ რეპერტუარი მრავალფეროვნად გამოიყურება, ტრიო სიმღერებს ასრულებს როგორც გიტარის, ასევე კლავიშის აკომპანიმენტით. მათ მიერ შესრულებული რევაზ ლაღიძის, ბიძინა კვერნაძის, არჩილ კერესელიძის, ჯანსუღ კახიძის, ნუნუ გაბუნიას, რუსუდან სებისკვერაძის, ავთო შარვაძის, მამუკა ჩარკვიანის, ნატო გელაშვილის, ბაჩუკი ჭეიშვილის, მარინა ლეკიშვილის თუ სხვა კომპოზიტორების მიერ შექმნილი სიმღერები მსმენელს გულგრილს არ ტოვებს.

 

,,ბალადა“ უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება შემოქმედებით პროცესს, რომლის წარმართვაში მას მუსიკალური ხელმძღვანელი, კომპოზიტორი ნანა კალანდაძე ეხმარება. ტრიოს აგრეთვე ყავს პროდიუსერი მაია ღუღუნიშვილი, რომელიც სამენეჯერო პროცესებს მართავს.  ამგვარად, გუნდი რომელიც ქართულ სასიმღერო ასპარეზზე ძალებს ახლა იკრებს, მსენელს ბევრ საინტერესო პროექტს პირდება. მანამდე კი 2 ივნისს, 19.00 სთ-ზე,  ,,ბალადა“ ზაფხულის   მშვენიერი საღამოს გასატარებლად მსენელს  დიმიტრი ალექსიძის სახელობის თეატრში ელის!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge