Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:16 04.06.2019
ხვალიდან, გორში კომედიის საერთაშორისო ფესტივალი იწყება!

ხვალიდან, გორში, კომედიის საერთაშორისო ფესტივალი იწყება!

ფესტივალის სლოგანი წელსაც უცვლელია: ,,დავუბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქს“. თეატრალური ფესტივალი 2014 წელს, ქალაქ გორში, გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრის იმ დროინდელმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა სოსო ნემსაძემ საქართველოს რეგიონული ხელოვნების განვითარების ფონდთან ერთად დაარსა.   ფესტივალის რეპერტუარი სათაურიდან გამომდინარე გულისხმობს კომედიური ჟანრის სპექტაკლების მონაწილეობას. დაარსებიდან ამ დრომდე გორის ფესტივალში მონაწილეობა საქართველოს თითქმის ყველა დასმა მიიღო. უკვე რამდენიმე წელია კომედიის ფესტივალს საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა და გორში სტუმრობა სხვადასხვა ქვეყნის დასებმაც შეძლეს. გასულ წელს კი საქართველოს კომედიის ფესტივალი, საფესტივალო გაერთიანების წევრი გახდა. სულ მსოფლიოში რამდენიმე კომედიის ფესტივალია, მათ შორის უკვე თამამად იკავებს ადგილს საქართველოს კომედიის თეატრალური ფესტივალიც.


ქ.გორისთვის ჩვენს ფესტივალს უდიდესი მნიშნელობა აქვს. ის ქალაქის  ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებაა. ქალაქში ზაფხულის მოსვლასთან ერთად კომედიის ფესტივალის დაწყებას ელოდებიან.


ყოველწლიურად მაყურებელს  შესაძლებლობა  აქვს ადგილზე გაეცნოს სხვადასხვა თეატრების რეპერტუარს აგრეთვე, მონაწილეობა მიიღონ საზეიმო მსვლელობაში.


ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი „Black Box”-ია, რომელიც თეატრის კრიტიკოსებს  საშუალებას აძლევს საფესტივალო სპექტაკლი ნახონ და შეაფასონ წერილობითი სახით. წლევანდელ ფესტივალს, გასული წლის მსგავსად ხუთი თეატრმცოდნისგან  შემდგარი ჟიური შეაფასებს, ჟიურის წევრები  სპექტაკლებზე კრიტიკულ წერილს მოამზადებენ, რომლის გაცნობის საშუალება ყველა მსურველს ექნება. წერილები ელექტრონული ვერსიის სახით ერთ ბუკლეტად გამოქვეყნდება.


რეგიონებში ყოველთვის პრობლემას წარმოადგენს  გრძელვადიანი და მასშტაბური კულტურული პროექტები.


კომედიის ფესტივალის დაფუძნების მიზეზი  კომედიური ჟანრის პოპულარიზაცია და ქალაქის კულტურული ცხოვრების გაუმჯობესება იყო. 

ფესტივალმა შექმნა თავისი ნიშა და კომედიის ფესტივალი ქალაქ გორის ერთადერთ მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენად იქცა.

 

 

 


ხვალ, ფესტივალი კოტე მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლით "მეფე მოკვდა" - გაიხსნება.


პიესის ავტორი - ეჟენ იონესკო
რეჟისორი - ალექსანდრე ელოშვილი
სცენოგრაფია - ლევან წულაძის
კოსტიუმების მხატვარი - ნინო სურგულაძე
მუსიკალური გაფორმება - ზურაბ გაგლოშვილის
რეჟისორის თანაშემწე - ლია მამიაშვილი


მონაწილეობენ:


ბესიკ ბარათაშვილი, ქეთევან გეგეშეძე, ნოდარ დოღონაძე, ქეთევან ცხაკაია, ნინო დუმბაძე, ვარლამ კორშია



სპექტაკლის შესახებ:


ეჟენ იონესკოს „მეფე კვდება“ ერთი სამეფოს ერთი მეფის უკანასკნელ ერთ საათზე გვიყვება, თუ რა გზას გადის ყოვლისშემძლე ხელმწიფე მას შემდეგ როცა გაიგებს რომ მის გარდაცვალებამდე მხოლოდ ერთი საათი რჩება.
მან მილიონობით ადამიანის ბედი გადაწყვიტა და საკუთარს კი ვერ ცვლის, ალბათ ეს არის იმ პიესების ირონიული დასასრული რომლებიც მეფეებზე დაუწერია განგებას. ფინალამდე სრული იმპროვიზაცია, ფინალი კი ზუსტად ისე გათამაშდება როგორც წერია.


სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ დასასრული ყველას ერთნაირი აქვს, ხელმწიფესაც და მის მოახლესაც, ბანკის მმართველსაც და ბანკის ყარაულსაც, ქურდსაც და პოლიციელსაც, ექიმსაც და პაციენტსაც, მდიდარსაც და ღარიბსაც, ძალიან მდიდარსა და ძალიან ღარიბსაც... და ეს სიკვდილია, ის რაც გარდაუვლად მოვა... არავინ იცის როდის, რა ფორმით და როგორი განცდებით, მაგრამ აუცილებლად მოვა და შემდეგ ყველაფერი გახდება სტატისტიკა, სტატისტიკა რომელიც ყველასთვის ერთნაირად მშრალია.


ხანგრძლივობა: 60 წუთი, შესვენების გარეშე.

 

წელს კომედიის ფესტივალი 5 ივნისს დაიწყება და 14 ივნისს დასრულდება. მასში მონაწილეობას.  მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, მოზარდმაყურებელთა,  რუსთავის, ქუთაისის, გორის, რუმინეთის, მოძრაობის თეატრის, ილიაუნის, დმანისის, ჭიათურის  თეატრის დასები მიიღებენ.


 

ფესტივალი იმართება - გორის მუნიციპალიტეტის მერიის პატრონაჟით და საქართველოს, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.


პროექტის მედიამხარდამჭერია "ჯორჯიან თაიმსი".

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge