Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:24 10.06.2019
“მთაწმინდის მეორე ტური გაკვეთილი უნდა იყოს ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც”

“ვვარაუდობდი, რომ “ქართული ოცნება” ყველაფერს გააკეთებდა მთაწმინდის მოსაგებად და ასეც მოხდა. ამ ოლქში მთელი სახელისუფლებო რესურსი იყო კონცენტრირებული, რაც პირველ ტურში “ქართულმა ოცნებამ” ვერ შეძლო, რადგან მთელი მისი რესურსი ზუგდიდისკენ იყო მიმართული. ეს ფაქტორი კარგად უნდა გააანალიზოს ოპოზიციამ. საქმე ის არის, რომ 2020 წლისთვის არჩევნები შუალედურივით მხოლოდ რამდენიმე საარჩევნო ოლქში კი არა, მთელ ქვეყანაში ჩატარდება, შესაბამისად, ხელისუფლებას ამ მასშტაბებისთვის რესურსი არ ეყოფა, ვერ შეძლებს ყველგან ასეთ მობილიზებას და ეს ნამდვილად უნდა იქცეს ოპოზიციისთვის გამარჯვების შესაძლებლობად...”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მთაწმინდის მეორე ტური გაკვეთილი უნდა იყოს ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც” / “2020 წლისთვის აუცილებლად გადახალისდება საპარლამენტო გუნდი. ახლა ყველა საკადრო გადაწყვეტილება სწორედ 2020 წლის არჩევნების რაკურსით უნდა განვიხილოთ” / “არის იმის საფრთხე, რომ დავბრუნდეთ შევარდნაძის ეპოქაში და ყველაფერი თავზე ჩამოგვენგრეს, რისთვისაც ამ წლებში მიგვიღწევია. კორუფციასა და მფლანგველობასთან ბრძოლა თუ არ დაიწყო, ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება”.

 

“მთაწმინდაზე ოპოზიციამ, სამწუხაროდ, ვერ მოახერხა ამომრჩევლის სრული მობილიზება, რაც შეძლო ხელისუფლებამ. მან იმუშავა იმაზეც, რომ საარჩევნო ურნებთან ოპოზიციის ამომრჩეველი არ მისულიყო. მთაწმინდის მეორე ტურმა ძალიან ბევრი რამ აჩვენა, რაც შეიძლება გაითვალისწინოს ხელისუფლებამაც, მაგრამ უფრო მეტად ოპოზიციამ. ეს მათთვის გაკვეთილი უნდა იყოს. შავგულიძის მეორე ტური იყო მინიშნება იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა რამდენად შეძლებს ჩამოყალიბებასა და მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი ფრონტის შექმნას, არ ვიცი... ის, რომ მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატით ოპოზიციის წარმატების შანსი გაცილებით დიდია, ეს გამოჩნდა მთაწმინდაზეც და, სხვათა შორის, გამოჩნდა ზესტაფონშიც, სადაც შუალედური არჩევნების პირველ ტურში სახელისუფლებო კანდიდატმა გაჭირვებით გაიმარჯვა. დარწმუნებული ვარ, ზუგდიდშიც შეექმნებოდა ხელისუფლებას პრობლემები, რომ არა სანდრა რულოვსის კანდიდატურა. ასე რომ, მაინცდამაინც სასიხარულად არ უნდა ჰქონდეს საქმე “ქართულ ოცნებას”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

 

“რაც შეეხება ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეს, ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ამ საქმის უკან აშკარად ილანდება ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ინტერესები - პირებისა, რომელთაც დიდი გავლენა ჰქონდათ და ჩაერივნენ კიდეც საქმის მსვლელობაში... ის, რასაც დღეს ვხედავთ, მიანიშნებს, რომ ხელისუფლება იძულებული შეიქნა საზოგადოების მოთხოვნისთვის გაეწია ანგარიში. აქედან გამომდინარე, ნათლად გამოჩნდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ყველამ უნდა გაითვალისწინოს, უპირველესად კი ხელისუფლებამ - საზოგადოების პროტესტს, ადრე თუ გვიან, ადეკვატური პასუხი გაეცემა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რაც ზაზა სარალიძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა. დაკავებულია ახალგაზრდა, რომლის გვარ-სახელი ამ საქმეში მუდმივად გვესმოდა. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის დაუჯერებელია, რომ ამდენი ხნის შემდეგ უდანაშაულო ადამიანი დაეპატიმრებინათ, თუმცა დაველოდოთ მტკიცებულებებს. გარდა იმისა, რომ საზოგადოების პროტესტს შედეგი მოაქვს, უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ თუ კალანდიას ბრალდება დაუმტკიცდა, საზოგადოებამ აიძულოს ხელისუფლება, ყველა ის პირი, რომლებიც ერეოდნენ ამ საქმეში და მონაწილეობდნენ ფაქტების გაყალბებაში, დაისაჯოს. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ვინმეს დასჯა მინდა, არა, ეს უნდა იქცეს პრეცედენტად, რათა სხვა დროს ვეღარავინ გაბედოს ასეთი მაქინაციები. თუ ხელისუფლება შეეცდება მუნდირის დაცვას და ხელს დააფარებს გამყალბებლებს, მაშინ საზოგადოებამ ბრძოლა უნდა განაგრძოს. ხორავას ქუჩაზე მკვლელობა უბედურებაა დაღუპულთათვის და იმათთვისაც, ვინც ციხეში მიდის, მოგებული არავინაა, მაგრამ კიდევ უფრო დიდი უბედურება იქნება, თუ ჩვენ ამას წავახალისებთ და ეს საქმე სრულად არ იქნება გამოძიებული...” - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“ყველა ფიქრობს, რომ მოსამართლეთა სია ისე დალაგდება, როგორც აწყობს მოსამართლეთა იმ კონკრეტულ ჯგუფსა და ხელისუფლების იმ ნაწილს, რომელიც ამ ჯგუფს მფარველობს და სასამართლოს კურირებს. დარწმუნებული ვარ, საბოლოო სიაში მოხვდება ერთი-ორი ღირსეული პირიც, რომლებსაც შესაფუთ მასალად წარადგენენ საზოგადოებისთვის თვალის ასახვევად, უმეტესობა კი სწორედ ხელისუფლების ინტერესების გამტარებელი იქნება. ქვეყანა ძალზე მწვავე პრობლემის წინაშე დგას, მაგრამ, თუ ოდესმე მოვა ხელისუფლება, რომელსაც დამოუკიდებელი სასამართლო დასჭირდება, ვფიქრობ, არ იქნება პრობლემა არც იუსტიციის საბჭოსა და არც უვადოდ დანიშნული მოსამართლეების დათხოვნა და სასამართლო სასამართლოს დაემსგავსება. მხოლოდ ერთი სისტემის გაჯანსაღება შეუძლებელია - იქნება ეს სასამართლო სისტემა, საპარლამენტო თუ აღმასრულებელი. როდესაც კონსტიტუციურად გაიმიჯნება ეს შტოები და ისინი ერთმანეთის გაკონტროლებას მოახერხებენ, აი, მაშინ დაიწყება სისტემის გაჯანსაღებაც... თუ იდეოლოგიას ჩამოვაშორებთ, ზუსტად საბჭოური სისტემის პრინციპებზე ვდგავართ. ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, შევარდნაძის ხელისუფლებიდან სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი არ ყოფილა. 30 წელი ცოტა არ არის, მაგრამ რეფორმირება ვერ მოხერხდა. ამიტომაც დღეს იგივე პრობლემები გვაქვს ხელისუფლების სამივე შტოში. მის სათავეში პრეზიდენტი იქნებოდა, პრემიერი თუ ბიძინა ივანიშვილი, მნიშვნელობა არა აქვს. ცხადია, პარლამენტი დღესაც ნოტარიუსია, სასამართლო კი ხელისუფლების გადაწყვეტილებების დამადასტურებელი”, - მიიჩნევს ექსპერტი.

 

“ამბობენ, გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა გაიზარდაო. კი, ნამდვილად ასეა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სისტემა გაუმჯობესდა და უკეთესი გახდა, არა, უბრალოდ, უფრო ლიბერალური მიდგომებია­ იმ საქმეების მიმართ, რომლებშიც ხელისუფლებას პოლიტიკური ან ფინანსური ინტერესი არა აქვს, შესაბამისად, ზოგჯერ მართლაც იღებენ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად. სააკაშვილის დროს სასამართლო სისტემა ყველას ერჩოდა. ეს იყო რეპრესიული მანქანა, რომელსაც სხვა მიზანიც ჰქონდა - საზოგადოებაში შიში და ტერორი უნდა დაეთესა, დღეს ეს აღარ არის, მაგრამ საზოგადოების განსაზღვრული კატეგორიისთვის და არა მთლიანად საზოგადოებისთვის. აი, ეს არის განსხვავება და რამდენიც უნდა ამტკიცონ, რომ სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია, ასე არ არის და ამაზე ფაქტები მეტყველებს. სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი გახდება მაშინ, როდესაც პარლამენტი იქნება დამოუკიდებელი, როდესაც ივანიშვილი კი არ დანიშნავს პრემიერს, არამედ ნამდვილად პარლამენტი აირჩევს. როცა ხელისუფლებაში ასეთი აჯაფსანდალია, ლაპარაკი იმაზე, რომ რომელიმე სისტემის რომელიმე ნაწილი გაჯანსაღდება, აბსურდია. ერთ დღეს ჩვენ ყველაფრის თავიდან დაწყება მოგვიწევს”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

 

“დასანანია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩვენთან, ფაქტობრივად, მართვის ბერკეტებს არ წარმოადგენენ. ამიტომაც ქვეყნის მართვა ზოგიერთი პირის ხელშია. ასეთ შემთხვევაში ქვეყნის მმართველი, ფორმალური თუ არაფორმალური, ცდილობს სახელმწიფო ინსტიტუტები თავისი ერთგული ხალხით დააკომპლექტოს - ანუ ინსტიტუტმა კი არ უნდა იმუშაოს, ის კი არ უნდა იყოს ხელისუფლების გარანტია, არამედ ერთგული ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ უწყებას გააკონტროლებენ. განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან საკვანძო უწყებებში, როგორიც არის შსს, პროკურატურა და სასამართლო, მმართველს სჭირდება ერთგული ხალხი, რათა იქ მისი პოლიტიკა გატარდეს. ამიტომაც არის, რომ ჩვენს პრობლემურ სასამართლო სისტემაში თავიანთი ერთგული ხალხი მიჰყავთ და უვადოდაც ნიშნავენ. ერთს ვიტყვი - საბოლოოდ ვერც ერთი ხელისუფალი ვერ ახერხებს იმდენი სანდო პირის მოძებნას, რამდენიც ქვეყნის მართვას სჭირდება და ეს შემდგომ ახალ-ახალ პრობლემებს წარმოშობს - გადატრიალებებს თუ გადმოტრიალებებს. ეს არის მთელი ანატომია იმ პროცესისა, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს”, - ამბობს ექსპერტი და შეკითხვაზე - “ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთავარი პროკურორის სავარძელი შესაძლოა შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა დაიკავოს, რაც გახარიას ჯგუფს უფრო გააძლიერებს, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სავარძელს პარლამენტის ამჟამინდელი სპიკერის ირაკლი კობახიძისთვის ათავისუფლებენ...” - პასუხობს:

 

“ერთადერთი, რაშიც “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი “ნოვატორები და აღმომჩენები” არიან, საკადრო გადაადგილებებია - ვერასდროს მიხვდები, როდის რას მოიმოქმედებენ, ამიტომ ვერაფერს გამოვრიცხავთ. ვარაუდი სავსებით რეალურია, სიმართლე გითხრათ, შეიძლება გამართლებულიც. აშკარაა, რომ თადუმაძის წასვლის შემთხვევაში მთავარ პროკურორად ახალი, ერთგული კადრი დასჭირდებათ. თუ ლოგიკას მივყვებით, აშკარაა, რომ ივანიშვილი გახარიას ძალიან ენდობა, შესაბამისად, პროკურატურაშიც, დიდი ალბათობით, მის შერჩეულ კადრს მოიწონებს. ვნახოთ, რა მოხდება. მეზვრიშვილი საკმაოდ აქტიურია და არ იქნება მოულოდნელი, თუ ის მთავარი პროკურორი გახდება. რაც შეეხება კობახიძეს, მას ოპოზიცია ხშირად და ძალიან მწვავედ უტევს. სავარაუდოდ, მისი რეიტინგიც დიდად არ ბრწყინავს და სწორი იქნება, თუ მას საკონსტიტუციო სასამართლოში გადაიყვანენ, მით უფრო, რომ არ არის ურიგო კონსტიტუციონალისტი, მიუხედავად იმისა, რომ მისი თავკაცობით მიღებული კონსტიტუცია ნამდვილად არ არის ამ ქვეყნის შესაბამისი”.

 

“ამასთანავე, 2020 წლისთვის აუცილებლად გადახალისდება საპარლამენტო გუნდი. ახლა ყველა საკადრო გადაწყვეტილება სწორედ 2020 წლის არჩევნების რაკურსით უნდა განვიხილოთ. ის, რომ გახარია შს მინისტრია, არის უსაფრთხოების საბჭოს მდივანიც და შესაძლოა მისი კადრი დანიშნონ პროკურატურის ხელმძღვანელადაც, ნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ სწორედ მას ენდობა ივანიშვილი და მას მოუწევს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წარმართვაც და შედეგზე პასუხისმგებლობის აღებაც. სამართალდამცავი ორგანოები ერთ ქუდში მოექცევა, რათა მათ უფრო მოქნილად იმოქმედონ. ვფიქრობ, მნიშვნელოვნად გადახალისდება საპარლამენტო სიაც. შესაძლოა მასში, კობახიძის გარდა, ვეღარ მოხვდნენ ისინიც, ვინც დღეს მის ჯგუფში მოიაზრებიან და ამ სასამართლო სისტემის ლობირებით ძალიან დაიზიანეს რეიტინგი”, - განმარტავს რესპონდენტი.

 

“რაც შეეხება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც დარღვევების ჯამურმა მოცულობამ 66 მლნ ლარი შეადგინა, ის კორუფციული ფაქტები, რაც ხელისუფლებამ გამოავლინა, მაინცდამაინც არ მიუთითებს, რომ კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლა დაიწყო. ზოგჯერ ამა თუ იმ პირის დაკავებისას რჩება შთაბეჭდილება, რომ შესაძლოა ეს გავლენების გადანაწილებაა, რაშიც ერთი ჯგუფი მეორეს ხელს უშლიდა და ამიტომაც მიეცა ამა თუ იმ საქმეს ასეთი მსვლელობა. არა მხოლოდ გამოვლენილი დანაშაულებია პრობლემა, არამედ კიდევ უფრო დიდი პრობლემაა და საგანგაშოა საზოგადოების განცდა, რომ ხელისუფლებაში კორუფციული კერებია. არ ვიცი, რამდენად შორს არის წასული კორუფციული საცეცები, მაგრამ მე ერთ რამეს ვხედავ - ხელისუფლებაში გაჩნდნენ გავლენის ჯგუფები, რომლებიც აქტიურად მოქმედებენ და ეს პირდაპირ უკავშირდება კორუფციას. ეს კი ახალისებს ამ მანკიერ პროცესს არა მხოლოდ ზედა ფენაში, არამედ საშუალო და დაბალ განშტოებებშიც, რაც რეგიონების მაგალითზე ჩანს. ეს სისტემა თუ მოირღვა, მერე მისი შეჩერება ძალიან გაძნელდება, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდება. არის იმის საფრთხე, რომ დავბრუნდეთ შევარდნაძის ეპოქაში და ყველაფერი თავზე ჩამოგვენგრეს, რისთვისაც ამ წლებში მიგვიღწევია. კორუფციასა და მფლანგველობასთან ბრძოლა თუ არ დაიწყო, ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება”, - დასძენს ძაბირაძე.

ავტორ(ებ)ი : კვირის პალიტრა