Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:44 13.06.2019
უნიკალური საჩუქარი გურიას - "ქართუმ" ერისთავების სასახლის და ერკეთის ტაძრის აღდგენა დაიწყო

საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებითა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორა-ბერეჟოულში ერისთავების სასახლის ფართომასშტაბიანი რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. 

 

საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელიც სააგენტოს სპეციალისტების მიერ მომზადდა, სრულად  აღდგება XIX  საუკუნის  არქიტექტურული ნაგებობის ყველა კონსტრუქციული ელემენტი.  ავთენტური ფორმით რესტავრირდება  სასახლის იატაკი და ამორტიზებული სართულშუა გადახურვა. პირვანდელ იერსახეს დაიბრუნებს ნაგებობის უნიკალური ხის აივანი მისი მოაჯირებით, ორნამენტული დეტალებითა და XIX  საუკუნის ტიპიური დიზაინის შუშაბანდით.  სრულად რეაბილიტირდება შენობის სახურავი და ჭერის კონსტრუქციული წყობები. სასახლის ოთახებში გვიანდელი შპალერის ფენის მოხსნის შემდეგ ინტერიერის ფასადები ახლადგამოვლენილი ღირებული მხატვრული ფრაგმენტების მიხედვით რესტავრირდება. ინტერიერის კიბე კი კონსრუქციულად გამაგრდება და ქვის ფილებით მოპირკეთდება. ავთენტური ფორმით განახლდება და ნაწილობრივ რესტავრირდება სასახლის კარ-ფანჯრები, რომლებიც სტრუქტურული მდგრადობის მიზნით, შენობის ყველა ხის კონსტრუქციული ელემენტის მგავსად ცვილის ლაქით დაიფარება. სრულად აღდგება ერისთავების სასხლის მარანი და ყველა სამეურნეო დანიშნულების სივრცე.  არსებული წყობით რეაბილიტირდება და კონსერვირდება  სასახლის გალავანი მისი გარსშემოსავლელებითა და სათოფურებით. სასახლის ეზოში მოეწყობა ქვაფენილები, გაიწმინდება არსებული ქვევრები და მწვანე საფარით კეთილმოეწყობა ტერიტორია.  

 

ფონდი “ქართუს” ფინანსური მხარდაჭერისა  და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საპროექტო უზრუნველყოფის საფუძველზე წარიმართება სოფელ ერკეთის მთავარანგელოზის სახელობის დედათა მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. დარბაზული ტიპის ეკლესიაზე, რომელსაც მრავალჯერადი გადაკეთების აშკარა ნიშნები აქვს,  სრულად მოიხსნება თუნუქის უხარისხო სახურავი და მისი ხის კონსტრუქცია, რომელიც კრამიტით ჩანაცვლება.  ნაგებობის ინტერიერის ქვის კვადრების იატაკი, რომლის ზედაპირი მკვეთრად დეფორმირებულია, ახლიდან გადაეწყობა და დაზიანებულ სეგმენტებზე ავთენტური ფორმის თლილი ქვებით განახლდება. ეკლესიის მთელ პერიმეტრზე მოიხსნება გასული საუკუნის დროს უხარისხოდ ნაშენი ქვის კარნიზი და მასზე დაშენებული კედლები, რომელიც ეკლესიაში წყლის ჩადინებისა და კედლის მხატვრობის დაზიანების მიზეზს წარმოადგენდა.  ძველის ნაცვლად ტაძარზე არსებული ფორმის პროფილირებული კარნიზი სარესტავრაციო მეთოდოლოგიის სრული დაცვით მოეწყობა. ეკლესიის გარე ფასადებზე ეროზიით გამოწვეული ნაპრალები და გამორეცხილი ჭრილები კირხსნარით ამოივსება და კონსერვირდება. დაზიანებული უბნები ისექტირების მეთოდით გამაგრდება.  მონასტრის ტერიტორიაზე სრულად აღდგება ქვის გალავანი, რომლის ცალკეული სეგმენტები კლდოვანი ფერდობის ეროზიისგან დროთა განმავლობაში დაიშალა. 

 

 

 

 

gurianews.ge

 

 


ავტორ(ებ)ი : geotimes.ge