Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:49 18.06.2019
"თუ მხატვრობაში ფერებს ეთამაშები, პოეზიაში - სიტყვების თამაშთან გვაქვს საქმე“ - ლიკა ზენდერის ახალი შემოქმედებითი ამპლუა

ლიკა ზენდერს, საზოგადოება აქამდე როგორც განსაკუთრებული ნიჭის პატრონს, - თითებით მხატვარს, - ისე იცნობდა. თუმცა, ამჯერად, მან საკუთარი მრავალმხრივი შემოქმედებითი ძალა პოეზიაში მოსინჯა და საკმაოდ კარგადაც გაართვა თავი.


„უსასრულო ფიქრები“ - ასე ჰქვია ლიკას პირველ პოეტურ კრებულს, რომლის პრეზენტაციაც 17 ივნისს, მწერალთა სახლში გაიმართა. წიგნში პოეტის ასამდე ლექსი შევიდა და მისივე ნახატებითა და დიზაინით გაფორმდა.

 


შემოქმედებით საღამოს პოეტები, მწერლები,  ლიკას  მეგობრები, საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.  


პრეზენტაციაზე,  ლიკა ზენდერმა „ჯორჯიან თაიმსს“ საკუთარი წიგნის შესახებ ესაუბრა და მისი შექმნის იდეაც გაუმხილა:


„უკვე წლებია, რაც ერთ-ერთ რომანზე ვმუშაობ. თუმცა, როგორც ხედავთ, რომანს ლექსებმა დაასწრო და დღეს, ჩემი პირველი პოეტური კრებული გამოვიდა. რატომ? იმიტომ, რომ განცდებმა მიბიძგა. ასეა ცხოვრება, - გტკივა, განიცდი, გიყვარს, ტირი, გიხარია... სწორედ ეს ემოციებია ჩემს წიგნში თავმოყრილი.


ყველა ჩემი რეალური განცდის გადატანა მინდა ხოლმე ფურცელზე. ამჯერად, ეს ყველაფერი სტრიქონებად გამოვსახე... თუ მხატვრობაში  ფერებს ეთამაშები, აქ სიტყვების თამაშთან გვაქვს საქმე. სიტყვების მარგალიტებად აკინძვაა ალბათ პოეზია...


ლექსებს ბავშვობიდან ვწერდი, მაგრამ, ამჯერად, დიდმა სიყვარულმა მიბიძგა, რომ ეს კრებული სისრულეში მომეყვანა.


მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნანა ცინცაძეს, რომლის ძალისხმევითა და დამსახურებითაც, ჩემმა წიგნმა დღის სინათლე იხილა,“ - განაცხადა ლიკა ზენდერმა.

 

 

„ჯორჯიან თაიმსს“ წიგნის - „უსასრულო ფიქრები...“ - რედაქტორი, - პოეტი ნანა ცინცაძემაც ესაუბრა. ქალბატონი ნანას განმარტებით, ლიკა არის ხელოვანი, რომელიც, მუდმივად ძიებაშია და ამიტომაც გვევლინება ის განსხვავებულ შემოქმედებით ასპექტში:

 

დღეს, ლიკა ზენდერის პირველი პოეტური კრებულის პრეზენტაციაა. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ეხები სხვის სამყაროს და პოეტი განდობს საკუთარ შემოქმედებას. ლიკა მხატვარია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ლექსებიც მრავალფეროვანი ჰქონია. ვფიქრობ, საკუთარ შემოქმედებაში ის მხატვრულ სამყაროს ეძებს. მისი პოეტური სამყარო განსხვავებულია. ის წერს სამშობლოზე, ძალიან განიცდის საკუთარი ქვეყნის ტკივილს, წერს სიყვარულზე, წერს ქალის დამოკიდებულებაზე სამყაროს მიმართ, აქვს ასევე მიძღვნითი ლექსები. ლიკა ზოგადად, საინტერესო ადამიანია და თავისებური აღქმა აქვს, ძალიან კეთილად ხედავს სამყაროს და ეს თავისთავად მის ლექსებშია აღბეჭდილი. ეს პირველი წიგნია და ამ შემთხვევაში ლიკაც შემოქმედებითად იზრდება. ვფიქრობ, ეს გაცილებით მეტი სტიმული იქნება მისთვის თუ ამ კუთხით მოღვაწეობას გააგრძელებს.

 

წიგნში დაახლოებით 100 ლექსია შესული და რაც მთავარია, ის გაფორმებულია ავტორისავე ნამუშევრებით. ყდაც მისივე ნახატითაა  წარმოდგენილი. მინდა, რომ მივულოცო ლიკას და ვუსურვო, რომ სამომავლოდ კიდევ არაერთი პროექტის განხორციელება შეძლოს“, - განაცხადა ნანა ცინცაძემ.

 

 

როგორც უკვე აღინიშნა, ლიკა ზენდერის შემოქმედებითი ძიების პროცესი კვლავ გრძელდება და ნიჭიერი ხელოვანი, სამომავლოდ, საკუთარი რომანის გამოცემასაც გეგმავს.

 

/თამუნა დუღაშვილი/

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge