Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:00 19.06.2019
მოიწამლნენ თუ არა გაურკვეველი ნივთიერებით ახალგაზრდები „ბასიანში“? - 18 წლის ბექა ზ. ამ დრომდე უგონოდაა – რა მოხდა კლუბში?

მოიწამლნენ თუ არა გაურკვეველი ნივთიერებით ან ალკოჰოლით ახალგაზრდები „ბასიანში“? – „ფორტუნა“ ინფორმაციის გარკვევას სხვადასხვა უწყებებში ეცადა. ჩვენი ინფორმაციით, კლუბიდან საავადმყოფოებში 14 ივნისს 15 ახალგაზრდა მოხვდა – ძირითადად მოწამვლის ნიშნებით. თუმცა, კლინიკაში, შსს-ში და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ახალგაზრდების ამ რაოდენობაზე არ საუბრობენ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში „ფორტუნას“ განუცხადეს, რომ კლუბიდან მათ გერმანულ ჰოსპიტალში მხოლოდ 3 ადამიანი გადაიყვანეს. კითხვაზე ჰქონდათ თუ არა მათ მოწამვლის ნიშნები, ცენტრში აცხადებენ, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა დიაგნოზს არ სვამს.რაც შეეხება ჰოსპიტალს, აქ „ფორტუნას“ განუცხადეს, რომ 14 ივნისს კლინიკაში 3 ახალგაზრდა შევიდა, მათგან 2 სახლშია გაწერილი, ხოლო 1 უგონო მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და მისი მდგომარეობა არ შეცვლილა. შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, 2000 წელს დაბადებული ბექა ზ.-მ კლუბში გაურკვეველი ალკოჰოლური სასმელი მიიღო, რის შემდეგადაც გონება დაკარგა.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, ქართულ-გერმანულ ჰოსპიტალში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ 2000  წელს დაბადებული ბ.ზ.-ს უგონო მდგომარეობაში შეყვანის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, მეგობრებთან ერთად, ერთ-ერთ კლუბში იმყოფებოდა. წინასწარი მონაცემით მან მიიღო გარკვეული ალკოჰოლური სასმელი, რა დროსაც გონება დაკარგა. ბ.ზ. დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის – აღებულია შარდისა და სისხლის ბიო-მასალები, რაზეც შესაბამისი ექსპერტიზები დაინიშნა. ბ.ზ. ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება,“ – განუცხადეს „ფორტუნას“ შსს-ში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge