Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:26 20.06.2019
შსს-მ მეტროსადგურ „რუსთაველში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ერთი პირი დააკავა

მეტროსადგურ „რუსთაველში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1986 წელს დაბადებული ნიკოლოზ ჩალიგავა დააკავა.ამის შესახებ  შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

 

მათივე ცნობით, აღნიშნული პირი მიმალვას ცდილობდა. უწყების ინფორმაციით, პოლიციამ ჩალიგავა ვაშლიჯვრის სასაფლაოსთან დააკავა.

 

გუშინ რუსთაველის მეტროში რამდენიმე მამაკაცი ორ ახალგაზრდას, სავარაუდოდ, საყურის გამო ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, დაპირისპირების მიზეზი საყურე გახდა, რომელიც ერთ-ერთ ახალგაზრდას ეკეთა.

 

თვითმხილვეთა ინფორმაციით, დაშავებულები ქუჩის მუსიკოსები არიან, რომლებიც მეტროთი გადაადგილდებოდნენ. მათივე ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ერთ-ერთი მამაკაცი ყვიროდა, რომ საყურე ქართველ კაცს არ უხდება და ახალგაზრდას მის მოხსნას სთხოვდა.

 

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ზ" ქვეპუნქტით და 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ ძალადობას და ხულიგნობას გულისხმობს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge