Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:24 25.07.2019
„ვერ მოვისვენებ, ვიდრე ილია და აკაკი „მოსასვენებელ" ოთახში იქნებიან გადამალულნი!“ - მწერალთა სახლის დარბაზიდან ილიასა და აკაკის პორტრეტები გაქრა

ჟურნალისტ იოსებ ჭუმბურიძის ბლოგი: 

 

მწერალთა სახლის დარბაზში ყოველთვის ეკიდა ილიასა და აკაკის ფერწერული პორტრეტები.
შენობის შეკეთება - რეკონსტრუქციის შემდეგ, ისინი გაქრა.
გამოვდივარ ერთ - ერთ შეკრებაზე და პროტესტით ვიწყებ:
სად არის პორტრეტები?! ვინ გაბედა მათი ჩამოხსნა?!
შემდეგ ვამბობ, რომ ეს არ არის უმნიშვნელო ფაქტი. პორტრეტები თუ კიდია, ეს, თითქოს, ჩვეულებრივი ამბავია, მათი ჩამოხსნა კი უკვე პოლიტიკური აქტია.
ვამთავრებ გამოსვლას და ჩემს ადგილს ვუბრუნდები. 
ჩემს შემდეგ სიტყვას ბაღათერ არაბული ამბობს. კარი ღიაა და ჰოლიდან ასეთი საუბარი მესმის (ახალგაზრდა გოგონა ეუბნება შუახნის ქალბატონს): „ჯერ ერთმა ილაპარაკა სისულელე და ახლა ეს მხარს უჭერს!"
გავდივარ ჰოლში და ახალგაზრდას ვეკითხები: „რა სისულელეს გულისხმობთ?" შუახნის წარმოსადეგი ქალბატონი პროკურორივით მანიშნებს, რომ გავყვე. მივყვები.შემიძღვება ე. წ, დამხმარე, მოსასვენებელ ოთახში და მაჩვენებს კუთხეში, სიბნელეში მიმალულ... ილიასა და აკაკის(?!) და მეუბნება: „აი, სად არის პორტრეტები!"
მე: „და აქ რატომ გადმოიტანეთ?!"
ის: „დიზაინერმა გვითხრა, იმ კედლებს არ უხდებაო."
მე: „დიზაინერი ვინ არის?"
ის: „ვინც არის!"
მე: „თქვენ ვინ ბრძანდებით?"
ის: „მე მოადგილე ვარ!"
***
მას შემდეგ არაერთხელ ვთქვი, დავწერე, გავაპროტესტე...
ვერ მოვისვენებ, ვიდრე ილია და აკაკი „მოსასვენებელ" ოთახში იქნებიან გადამალულნი!
***
საკუთარ თავს სიტყვა მივეცი, რომ იქ გამოსვლისას, ამ საკითხს ყოველთვის შევეხები.
ეს სიტყვა ჯერ არ გამიტეხია.
ახლა კი, რადგან ხელმძღვანელობა შეიცვალა, იქ შესვლისას, ჯერ დარბაზში პორტრეტებს მოვინახულებ(იმედია, დამხვდება), შემდეგ კი ვიკითხავ: „ის ქალბატონი ისევ მოადგილეა?!"

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge