Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:31 11.08.2019
რისთვის სჯიან „დინამოს“ - ბანერი, რომელიც ადრე უეფას არ გაუპროტესტებია

 

უეფას სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, 15 აგვისტოს დინამო თბილისმა როტერდამის ფეიენოორდს ცარიელი ტრიბუნებით უნდა უმასპინძლოს. როგორც ირკვევა, თბილისური კლუბის დასჯის მიზეზი გაბალასთან მატჩის დროს, დინამოს ფანების მიერ გამოფენილი ბანერი გახდა. ბანერზე დაწერილია 88, რაც მართლაც ფაშისტური სიმბოლოა - მას ნეონაცისტები ხშირად იყენებენ, რადგან H ანბანში მე-8 ასოა, ორი H კი Heil Hitler-ს ნიშნავს. თუმცა დინამო თბილისის შემთხვევაში, 88-ს სულ სხვა დატვირთვა აქვს. დინამოს ქომაგების ბანერზე ასევე წერია “OLD SCHOOL (ძველი სკოლა)”, 88 კი 1988 წელს ნიშნავს - იმის აღსანიშნავად, რომ 1988 წელს დინამოს ფანების პირველი ორგანიზებული გასვლა შედგა.

 

დინამოს ფანებმა სოციალურ ქსელში თავიანთ გვერდზე (ლეგენდა უკვდავია - დინამო თბილისი) გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ბანერის შინაარსს განმარტავენ და ფაშისტური სიმბოლიკის გამოყენებას კატეგორიულად უარყოფენ. მათ ასევე გამოაქვეყნეს ფოტო, რომელიც 3 წლის წინაა გადაღებული და რომელზეც ზუსტად ეს ბანერია გამოკიდებული. მაშინ უეფას ამ ბანერზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. “მოგეხსენებათ, ჩვენ, ქართველები ხშირად ვამბობთ გასულ წლებს ასე: "81-ში მოვიგეთ თასების თასი" და სხვა მსგავსი... ანუ ჩვენ თუ ვამბობთ 88-ში პირველი ორგანიზებული გასვლა შედგა "ფაშისტები" ვართ?” - ვკითხულობთ დინამოს ფანების პოსტში.

 

შეგახსენებთ, რომ უეფას სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, "დინამო" ვალდებულია, ტრიბუნებზე გამოფინოს ბანერი #equalgame და გადაიხადოს 50 000 ევრო. დინამო უეფას გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

 

 

 

 

popsport.com

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge