Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:39 12.08.2019
"ხელისუფლების ჯანსაღი კრიტიკა სულ სხვაა, ხოლო მტრული პროპაგანდა ხელისუფლების დელეგიტიმაციის, მისთვის ძირის გამოთხრის მიზნით - აბსოლუტურად სხვა"

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ხელისუფლების ჯანსაღი კრიტიკა, რასაკვირველია, სულ სხვაა, ხოლო მტრული პროპაგანდა ხელისუფლების დელეგიტიმაციის, მისთვის ძირის გამოთხრის მიზნით - აბსოლუტურად სხვა.


ჯანსაღი კრიტიკა საქმის ინტერესებზეა ორიენტირებული და მისი მიზანი - მდგომარეობის გამოსწორებაა, მისი გაუმჯობესებაა. რასაკვირველია, ოპოზიციას, ანდა სხვას, ნებისმიერ ოპონენტსაც, ჯანსაღი კრიტიკით ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა თუ არა, სულ მცირე - ის მაინც შეუძლია, რომ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საზოგადოებას პრობლემათა გადაწყვეტის ალტერნატიული გზები დაანახოს.


მტრული პროპაგანდა პირიქითაა: მისი პრინციპია - "რაც უარესია, მით უკეთესია!" იგი არ არის ორიენტირებული საქმის ინტერესებზე, მდგომარეობის გამოსწორებაზე, რაიმე ალტერნატივის შეთავაზებაზე, საერთოდაც -რაიმე სხვა გამოსავალზე, გარდა ერთადერთისა - "ეს ხელისუფლება უვარგისია და უნდა დაემხოს!"


ზღვარი აქაც სრულიად ნათელია- ჯანსაღ კრიტიკასა და მტრულ პროპაგანდას შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორც სიყვარულსა და სიძვას შორის. თუ გნებავთ - სიკეთესა და ბოროტებას შორის.


უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რაც ამტკიცებს : არა მხოლოდ პოლიტიკური ოპოზიციის, არამედ მის გარშემო შემოკრებილი ლიბერასტული ბანაკის გასვლას კრიტიკის ფარგლებს გარეთ და მტრული პროპაგანდის შეგნებულად წარმოებას.


აგერ, ერთ-ერთი ბოლო მაგალითი - ანა ნაცვლიშვილის მიერ პარლამენტის "კრიტიკაა" მელიასათვის იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გამო. ამ ე.წ. "კრიტიკის" მიზანი იყო ფორმალური უზუსტობების, რაც პროკურატურის წარდგინებაში, შესაძლოა, დაშვებული იქნა კიდეც , უსაშველოდ გაზვიადება და პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სრული დელეგიტიმაცია, მის აბსოლუტურ უკანონობაში საზოგადოების დარწმუნების მცდელობა;


რასაკვირველია, ანა ნაცვლიშვილმა შესანიშნავად იცოდა, რასაც აკეთებდა: იგი იურისტია და დარწმუნებული ვარ, მშვენივრადაც უწყის, პროკურატურის წარდგინებაში შესაძლო ფორმალურ უზუსტობებს არავითარი გავლენა მიღებულ გადაწყვეტილებზე არ შეეძლო მოეხდინა და ცხადია, არც მოუხდენია; აშკარაა - ასეთი ე.წ. კრიტიკის მიზანი არ იყო ამ ფორმალურ უზუსტობებზე მითითება მათი გამოსწორებისათვის;


ასეთი ე.წ. კრიტიკა სწორედაც რომ მტრული პროპაგანდაა, რადგან არავითარი გამოსავალი არ არის მონიშნული, გარდა ერთადერთისა - მელია ცამდე მართალია, საქართველოს პარლამენტი თავიდან-ბოლომდე მტყუანი და ასეთი უვარგისი პარლამენტი უნდა წავიდეს...


...ვითომ ხომ ლიბერალები არიან, მაგრამ აქედანაც ჩანს - რამდენად ლიბერასტულია ე.ი. ოიკოფობიურ-ნიჰილისტურია მათი ვნებანი.


ცხადია, ლიბერალსა და ლიბერასტსაც შორის იგივე განსხვავებაა, რაც კრიტიკასა და მტრულ პროპაგანდას, ანუ სიყვარულსა და სიძვას შორის!" -წერს დავით ზარდიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge