Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:01 13.08.2019
"ამ ტიპის დანაშაულის აღკვეთა უპრეცედენტოა თავის მაშტაბურობით" - გიორგი ცუცქირიძე

წამყვანი საბანკო და საფინანსო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე "ჯორჯიან თაიმსთან" აცხადებს, რომ ქვეყანაში საგადასახადო დისციპლინის და შესაბამიასად, ეკონომიკური დანაშაულის პრევენციას და დროულ აღკვეთას ძალზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება. საერთაშორისო პრაქტიკაც აჩენებს, რომ ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს, ყოველ ასეთ ფაქტზე მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან დროულ რეაგირებას, რადგან ამ ტიპის დანაშაულის გაზრდილი მაშტაბები პირველ რიგში ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე მოქმედებს ნეგატიურად.

 

 

"აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინა და თავიდან აიცილა 100 მილიონი ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა და შესაბამისად, თავიდან იქნა აცილებული ამავე ოდენობის ზიანის მიყენების საფრთხე სახელმწიფო ბიუჯეტისათვის. ამ ოპერაციის მაშტაბურობაზე ისიც მიუთითებს, რომ მარტო უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში, 9 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 53 პირის მიმართ, რომელთა უმრავლესობა სხვადასხვა კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელია, ხოლო ნაწილი - კომპანიების ფაქტობრივი მმართველი.


ნიშანდობლივია, რომ თავად ამ დანაშაულებრივი სინდიკატის მაშტაბიც. უკანონო შემოსავლის მიღებისა და არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დანაშაულებრივი სქემის მონაწილეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რეგისტრირებული ჰქონდათ კომპანიები, რომელთა სახელითაც ახორციელებდნენ უსაქონლო ოპერაციებს, რა დროსაც ისინი აყალბებდნენ დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურებს და ასევე, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, იქმნიდნენ ყალბ აქტივს დამატებული ღირებულების გადასახადში, ძირითადად ნავთობპროდუქტების განბაჟებისათვის განკუთვნილი გადასახადების და მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფარად.


ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები, მით უმეტეს როდესაც საქმე ამ სახის მაშტაბური დანაშაულის გამოვლენას ეხება, იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ბიუჯეტზე მიყენებული ზარალი ერთის მხრივ, ნეგატიურად ზემოქმედებს ეკონომიკაზე და მეორეს მხრივ, არის ჩვენი გადასახადის გადამხდელების, მათ შორის პენსიონერების ჯიბიდან ამოცლილი თანხა. ამასთან, აჩვენებს თუ რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, რამდენად არიან ზემოაღნიშნულ დანაშაულებრივ სქემებში ჩართულნი საჯარო მოხელეები, რაც პოზიტიურად აისახება ქვეყნის კორუფციის ინდექსზე, მისი შემცირების მიმართულებით. ნიშანდობლივია, რომ ბოლო წლებში უმჯობესდებოდა "კორუფციის აღქმის ინდექსი“, ხოლო 2018 წლის კვლევის მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ლიდერად რჩება, ხოლო 180 ქვეყანას შორის 41 ადგილზეა 58 ქულით, ხოლო 2017 წელთან შედარებით 5-ი საფეხურით არის დაწინაურებული, 2012 წელთან შედარებით კი მთელი ათი საფეხურით, რასაც თუნდაც ამ ანტიკორუფციული ღონისძიების მაშტაბიც ადასტურებს.


ჩრდილოვანი ეკონომიკის მეტასტაზების შემცირებას, ეკონომიკური დანაშაულის პრევენციას და დროულ გამოვლენას ქვეყანაში საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხითაც, დიდი მნიშვნელობა ენიჭება და კორუფციის ინდექსიც ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასების ერთ-ერთი ასეთი ინდიკატორია." - აცხადებს ცუცქირიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge