Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:14 17.08.2019
რაზმაძეების ოჯახმა, რომელთა სახლი მავთულხლართების მიღმა მოექცა, სახლის ლითონის კონსტრუქციების დემონტაჟი თითქმის დაასრულა

გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე, სოფელ გუგუტიანთკართან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მეორე დღეა არ გამოჩენილან. ამ დროისთვის ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი არ მიმდინარეობს.

 

გამყოფ ხაზთან მდებარე საცხოვრებელი სახლიდან გივი რაზმაძის ოჯახმა თითქმის დაასრულა რკინის კონსტრუქციების და სხვა ვარგისი მასალების დემონტაჟი.

 

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მხრიდან რაზმაძეების და გუგუტიშვილის ოჯახისთვის მიცემული სამდღიანი ვადა სწორედ დღეს იწურება.

 

ლევან რაზმაძის განცხადებით, ცოტა ხანში სახლის დემონტაჟის შედეგად შეგროვილ ლითონის მასალებს უსაფრთხო ტერიტორიაზე გაიტანენ და ომის დროს დაზიანებულ სახლში, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესისას გამყოფი ხაზის მიღმა აღმოჩნდა, აღარ დაბრუნდებიან.

 

აღნიშნული საცხოვრებელი სახლები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ საცხოვრებლად გამოუსადეგარი იყო და შესაბამისად მეთერთმეტე წელია ამ სახლებში არავის უცხოვრია.

 

გივი რაზმაძის თქმით, აღნიშნული ტერიტორია ომის შემდგომ უსაფრთხოდ არ ითვლებოდა, შესაბამისად, 2009 წელს მიღებული კომპენსაციით (15 000 აშშ დოლარი) ოჯახმა ადგილი სხვა ტერიტორიაზე შეიძინა და სახლი ააშენა.

 

მისივე თქმით, გუგუტიშვილებისა და რაზმაძეების ოჯახი ომის შემდგომ ამ დრომდე დევნილის სტატუსით სარგებლობენ და დევნილებისთვის დადგენილი შეღავათებითაც სარგებლობენ. თუმცა იმედს არ კარგავდნენ, რომ დაზიანებულ სახლებში შესვლას შეძლებდნენ.

 

რაც შეეხება სარწყავი წყლის რეზერვუარს, რომელიც სოფლის განაპირას, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარეობს, გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თქმით, ამ ეტაპზე უკონტროლო ტერიტორიაზე მოქცევის საფრთხე არ ემუქრება.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge