Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:29 30.08.2019
რატომ წაუყენა ულტიმატუმი ოსურმა მხარემ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას

სოფეელი ჩორჩანა საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (წაღვლის თემი), მდინარე ლოპანისწყლის (დასავლეთი ფრონის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს მდებარეობს. ზღვის დონიდან 900 მეტრი, ხაშურიდან 33 კმ. სოფელში 2006 წლის 1 იანვრის მონაცემებით 32 კომლი  ცხოვრობს, სულ - 88 ადამიანი.

 

2019 წლის 28 აგვისტოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მახლობლად ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნებოდა. ეს საკითხი 29 აგვისტოს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე შეხვედრაზე უნდა განხილულიყო, თუმცა ცხინვალის წარმომადგენლებმა შეხვედრა ჩაშალეს.

 

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, ეგორ კოჩიევის, განცხადებით, ოსური მხარე საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა და სოფელ წნელისთან განთავსებული საგუშაგოს ასაღებად დრო პარასკევს დილის 6 საათამდე მისცა.

 

ულტიმატუმზე საპასუხოდ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ მხოლოდ ქართული სახელმწიფო წყვეტს, სად განალაგებს საკუთარი პოლიციის პოსტებს. მისივე განცხადებით, სოფელ ჩორჩანას საგუშაგო სტანდარტული საპოლიციო პოსტია, პირადი შემადგენლობითა და აღჭურვილობით, რომელიც მდებარეობს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოხატა შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საოკუპაციო ხაზთან, საოკუპაციო ძალების მიერ სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის მობილიზების გამო.

 

საქართველოს საგარეო სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: „მსგავსი დესტრუქციული ქმედება, ისევე როგორც საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელობის ყოვლად მიუღებელი განცხადებები, წარმოადგენს მორიგ პროვოკაციას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს უსაფრთხოების გარემოს და მიზნად ისახავს ვითარების დესტაბილიზაციას. საქართველო პირნათლად ასრულებს აღებულ ვალდებულებებს, მტკიცედ ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას და იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ ინსტრუმენტს ვითარების დეესკალაციისა და უკანონო პროცესების შეწყვეტისთვის.“

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ პირველ არხს სოფელ ჩორჩანაში განუცხადა, რომ ბლოკპოსტის დაშლის საკითხი არც კი განიხილება.

 

ქართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ულტიმატუმი არ შეასრულა, საგუშაგო სოფელ ჩორჩანასთან არ დაშლილა და მისი გამაგრება მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge