Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:31 04.09.2019
„ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით იყო მიღწეული, არ სრულდება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დამოკიდებულების გამო"

„ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით იყო მიღწეული,  სამწუხაროდ, არ სრულდება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დამოკიდებულების გამო. მონიტორინგის მისია თავის საქმიანობას მხოლოდ ნაწილობრივ ასრულებს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ წინააღმდეგობის გამო. ჩვენ დაწყებული გვაქვს საპარლამენტო კუთხით მუშაობა ევროპელ პარტნიორებთან, რომ ვნახოთ თუ რა მექანიზმები შეიძლება იყოს გამოყენებული, იმისთვის, რომ ევროკავშირის მხრიდან გარკვეული ფორმალური შეფასება მოხდეს იმის, თუ როგორ სრულდება ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება. ჩვენ მივმართეთ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს და ვითხოვეთ სპეციალური მოსმენის ჩატარება ამ საკითხებზე ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტში", - ამის შესახებ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე თამარ ხულორდავამ განაცხადა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს დავით ზალკალიანს უსმენდნენ.

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომაზე, ლეგალური მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით გაამახვილა ყურადღება.

 

„საკითხის ისე დაყენება, რომ ამ თემის გააქტიურების მიზანი ხალხის ქვეყნის გარეთ გაყვანაა, არის პროცესის სრულიად დამახინჯებულად წარმოჩენა და მე არ მინდა საზოგადოებას ეს განცდა დარჩეს. ჩვენი ხელისუფლების უპირველესი საზრუნავი იქნება, იყო და არის ის, რომ ადგილზე შეიქმნას მეტი დასაქმების შესაძლებლობები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე უკვე არის საზღვრებს  გარეთ. ბევრი მათგანი ისეთ ქვეყნებშია, სადაც მათი შრომითი უფლებები საერთოდ უგულებელყოფილია, ისეთ პირობებში უწევთ მუშაობა, სადაც მათი ღირსებაც კი, ზოგჯერ უხეშად არის ხელყოფილი, ამიტომ ის შესაძლებლობები, რასაც ცირკულარული მიგრაცია გვთავაზობს, ვფიქრობ, რომ ძალიან სწორად უნდა გამოვიყენოთ. მისასალმებელია ის, რომ ეს საკითხი დღეს მთავრობის მხრიდან ყურადღების ქვეშ არის. გავაგრძელოთ ამ საკითხზე აქტიური მუშაობა,  იმ პრინციპების სრულად დაცვით, რომ ჩვენი პირველი და უპირველესი ამოცანა უნდა დარჩეს ადგილზე, ჩვენი საზოგადოებისთვის დასაქმების მეტი შესაძლებლობების შექმნა. ეს უნდა განვითარდეს თანხვედრაში განათლების სისტემასთან, ჩვენი შრომის ბაზრის განვითარებასთან, მაგრამ ის, რომ ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ, მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მაღალი პასუხისმგებლობით და სწორად გააზრებულად ვუყურებთ ამ პრობლემას", - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

 

გამოსვლისას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ჩვენი ქვეყნის განვითარების გრძელვადიან გეგმაზეც ისაუბრა.

 

„ჩვენ გვაქვს ზოგიერთი ევროპელი პარტნიორის აქტიური მხარდაჭერაც იმისთვის, რომ სტრატეგიული განვითარების მიმართულებით ევროკავშირიდან ფინანსები მოვიზიდოთ და არა მხოლოდ ევროკავშირიდან ასევე, სხვა სტრატეგიული პარტნიორებიდან, რათა განვავითაროთ ჩვენი ეკონომიკა და უფრო თავსებადი გავხდეთ იმ სტანდარტებთან, რომელიც არის დამკვიდრებული ევროკავშირში. ჩვენი ეკონომიკური განვითარების დღევანდელი დონე არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ახლავე განვახორციელოთ ჩვენი ეს ამბიცია - ევროკავშირის წევრობისა. ამას სხვა ჩვენგან დამოუკიდებელი გარემოებებიც განაპირობებს და ამის მიზეზები ევროკავშირის მხარესაც არის დღეს-დღეობით, მაგრამ ერთ-ერთი სწორედ ისიც არის, რომ ჩვენც არ ვართ სათანადოდ განვითარებული და ეკონომიკურად მზად იმისთვის, რომ სრული ინტეგრირება მოვახდინოთ ამ სივრცეში. ამიტომ მიმაჩნია, რომ საპარლამენტო ძალისხმევასთან ერთად, სამთავრობო პრიორიტეტიც უნდა იყოს  ასეთ გეგმის შემუშავება და წარდგენა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის", - განაცხადა თამარ ხულორდავამ

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge