Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:46 09.09.2019
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 53.7%-ით შემცირდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 53.7%-ით შემცირდა.

 

საქსტატის ინფორმაციის თანახმად, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის II კვარტალში 187.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 53.7 პროცენტით ნაკლებია. შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა) და რეინვესტიციის მოცულობის შემცირება.

 

2019 წლის II კვარტალში უმსხვილესი ინვესტიციების კუთხით, პირველ ადგილზეა ნიდერლანდი - 31.1 პროცენტით, მეორე ადგილზე თურქეთი - 19.2 პროცენტით, ხოლო მესამეზე აშშ - 14.7 პროცენტით.

 

„სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2019 წლის II კვარტალში 69.6 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 63.7 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.0 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 38.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - სასტუმროების და რესტორნების სექტორი 28.1 მლნ. აშშ დოლარით.

 

2018 წლის მარტიდან საქსტატმა დაიწყო საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკის გამოქვეყნება ინტეგრირებული ფორმატით, რაც საშუალებას აძლევს ეკონომიკურ სუბიექტებს, რეგულარულად მიაწოდონ საქსტატს დაზუსტებული ინფორმაცია. საქსტატი, თავის მხრივ, იყენებს აღნიშნულ შესაძლებლობას და მუდმივად ახორციელებს მონაცემთა განახლებას სტატისტიკური ინფორმაციის ხარისხის ამაღლების მიზნით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge