Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:52 10.09.2019
რევოლუციის დასასრული: რას უნდა ელოდოს მოსკოვი საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრისაგან?

«Известия» (რუსეთი), 10 სექტემბერი, 2019 წელი


გიორგი გახარიამ მკაცრად ჩაახშო პროტესტები, მხარი დაუჭირა ნატოსთან ინტეგრაციას და პირობა დადო უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლაზე ვრცელი სტატია ეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის დანიშვნას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს. სტატიის შესავალში აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიამ ცოდნა-განათლება რუსეთში მიიღო, ბიზნესიც იქ ჰქონდა და მხოლოდ ახლახან თქვა უარი მეორე მოქალაქეობაზე [რუსულ პასპორტზე], „რის გამოც მას „მოსკოვის დამქაშის“ სახელი გაუვარდა“... (ავტორი - ქსენია მელნიკოვა).

 

პუბლიკაციაში რამდენიმე საკითხია განხილული - ასეთი ქვესათაურებით:

 

ა) „მტერი ქართული საზოგადოების ნაწილისათვის“

გადმოცემულია შვეიცარიულ გაზეთ „ნოიე ციურჰერ ცაიტუნგში“ ამ ორი დღის წინათ გამოქვეყნებული მასალის შინაარსი, რომელშიც ხაზგასმულია, რომ გიორგი გახარია „ქართული საზოგადოების ნაწილისათვის მტრის სახეს წარმოადგენს - მიტინგების დარბევის გამო. მისი გაპრემიერება საპროტესტო მოძრაობის წინააღმდეგ დიდი დარტყმა იქნება“. იქვე მიმოხილულია ოპოზიციის პროტესტი პარლამენტის მიერ ახალი პრემიერის კანდიდატურის მხარდაჭერის გამო (ცხვრები პარლამენტთან, ანუ ვინც გახარიას დანიშვნას მხარი დაუჭირა, ივანიშვილის ცხვრები არიან).

 

ბ) „კავშირები მოსკოვთან“

ერთი მხრივ, გიორგი გახარიას კარგი მეურნის სახელიც აქვს, საკმაოდ ტალანტიურ პოლიტიკოსად მიიჩნევენ, რომელსაც კონფლიქტური სიტუაციებისადმი გამკლავება შეუძლია, ბრძოლა ნარკოვაჭრობასთანაც, ოპოზიცია მას ადრე უფრო მეტად უკომპრომისობის გამო აკრიტიკებდა, რიგით მოქალაქეებს კი სწორედ მკაცრი ზომებისათვის მოსწონდათ. ბოლო დროს კი ოპოზიცია გიორგი გახარიას სულ უფრო აქტიურად სდებს ბრალს „მოსკოვთან კავშირებში“ - რომ მან მოსკოვსი „ემგეუ“ დაამთავრაო, რუსეთში ცხოვრობდაო, იქ ბიზნესი ჰქონდაო, რუსეთის მოქალაქე იყოო და ა.შ.

 

გ) „გავრილოვის რევოლუცია“ საქართველოში

პუბლიკაციის ამ ნაწილში საუბარია თბილისში ივნისის თვეში მომხდარ საპროტესტო აქციებზე, მის მიზეზებზე (სერგეი გავრილოვთან დაკავშირებულ პოლიტიკურ ინციდენტზე). ანტირუსულ და ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციებში ძირითადად ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. გიორგი გახარიამ, რომელიც იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მიტინგები მკაცრად ჩაახშო. დემონსტრაციები შედარებით მცირე მასშტაბით კვლავ გაგრძელდა, მისი მონაწილეები და ოპოზიცია მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ, მაგრამ უშედეგოდ. მოგვიანებით კი გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილმა პრემიერობის კანდიდატად წარადგინა, რაზედაც პარლამენტმა და პრეზიდენტმა დასტური მისცა.

 

დ) მზადება საპარლამენტო არჩევნებისათვის

„იზვესტიის“ მიერ გამოკითხულ ქართველ ექსპერტთა აზრით, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნით „2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის „მხედრით სვლა“ გააკეთა: დღეს „ქართულ ოცნებას“ მტკიცე და გაბედული ქარიზმატული ლიდერი ჰაერივით ჭირდება. ოპოზიცია კი, მაგალითად, პარტია „ევროპული საქართველო“ ოცნებობს იგი პოლიტიკიდან მოაშოროს და არჩევნებში რევანში აიღოს - ბოლო მოუღოს ოლიგარქის ძლიერებას. მაგრამ ჯერ-ჯერობით ივანიშვილს ყველა შანსი აქვს, რომ ოპოზიციის სისუსტე აჩვენოს: ისინი ხელისუფლებას ასეულ ათასობით მომიტინგის გამოყვანას დაპირდნენ, სინამდვილეში კი პირობის შესრულება ვერ მოახერხეს.

 

სტატიის ავტორი ესაუბრება ერთ-ერთ ქართველ პოლიტოლოგს, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის SIKHA foundation-ის დამაარსებელს არჩილ სიხარულიძეს, რომელიც ამჟამად პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას კომენტარს უკეთებს: „აქციაზე 100-200 ადამიანი გამოდის, ისინი თავს „დამოუკიდებლებად“ ასაღებენ, მაგრამ ოპოზიციასთან არიან კავშირში. ოპოზიციას სურს, რომ ახალგაზრდების პროვოცირება მოახდინოს და დივიდენდები მიიღოს, თუმცა არანაირი რევოლუცია ან რეჯიმის ძალადობრივი ცვლა არ მოხდება. 21-22 ივლისის მიტინგის დასლან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველოში რევოლუციების ეპოქა საბოლოოდ დასრულდა“.

ე) „ძალიან თავის ცდუნებაც არ ღირს“

მიმოხილულია ახალი პრემიერის პოლიტიკური განცხადებები ქვეყნის საშინა და საგარეოპოლიტიკური კურსის თაობაზე: ძალაშია ნატოსთან და ევროკავშირთან ინტეგრაცია, მეტი ყურადღება უმუშევრობასთან ბრძოლას, სოფლის მეურნეობას და განათლებას.

 

და ბოლოს, როგორი იქნება თბილისისა და მოსკოვის ურთიერთობა ახალი პრემიერის მმართველობის დროს?

 

სტატიის ავტორი ესაუბრება პროფესორ თორნიკე შარაშენიძეს, რომელიც თვლის, რომ „თავი მაინცდამაინც არ ვიცდუნოთ: საქართველოში რუსოფობია არ არის, მაგრამ საზოგადოებრივი აზრი ოფიციალური მოსკოვის წინააღმდეგაა. ამიტომაც ხელისუფლებამ რომ მოისურვოს და მოსკოვთან დიალოგზე წავიდეს, მას დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. ქართველებს უნდათ ურთიერთობის ნორმალიზება, მაგრამ ახალი რეალიების - აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის გათვალისწინების გარეშე. მათი აღიარება რუსეთის მიერ თბილისისთვის წითელ ხაზს წარმოადგენს“.

 

შარაშენიძეს სიხარულიძეც ეთანხმება: „საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რის უნარიც დღეს აქვს. ახლა ბურთი რუსეთის მხარეზეა და თუ მოსკოვი საპასუხო პოლიტიკურ ნაბიჯს არ გადმოდგამს (არ გააუქმებს ემბარგოსა და სავიზო რეჟიმს), მაშინ სიტუაცია ადგილიდან არ დაიძვრება“, - ამბობს ექსპერტი. მისი აზრით, თბილისი და მოსკოვი ვითარების ნორმალიზებას სხვადასხვანაირად აღიქვამენ: „რუსეთი „ნორმალიზებაში“ რასაც გულისხმობს, ანუ საქართველოს მიერ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის აღიარება, ეს არასოდეს მოხდება. ქართული გაგებით კი, „ნორმალიზებაში“ იგულისხმება თავისუფალი გადაადგილება [რუსეთ-საქართველოს საზღვარზე] ქართველებისთვის, აფხაზებისთვის, ოსებისა და რუსებისათვის, კერძო საკუთრების უზრუნველყოფა და ბიზნესის წარმოება, ანუ რაც პოლიტიკას არ უკავშირდება. მაგრამ ამის გაკეთება შეუძლებელია, რადგან სავიზო რეჟიმი მტავარ დაბრკოლებას წარმოადგენს“, - დარწმუნებულია არჩილ სიხარულიძე.

 

მსგავსი თვალსაზრისი აქვს თვითონ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, - აღნიშნავს სტატიის ავტორი და იმოწმებს მის განცხადებას პარლამენტში - მოსკოვთან ურთიერთობებში თბილისმა „ცივი გონებით“ უნდა იმოქმედოს, „ხოლო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში ყველა ინსტრუმენტი უნდა იქნეს გამოყენებული, სამხედროს გარდა“.

 

წყარო: https://iz.ru/919616/kseniia-melnikova/konetc-revoliutcii-chego-zhdat-moskve-ot-novogo-premera-gruzii?fbclid=IwAR1rarww8hmY9KVAspjJtNRcG25ac3YtpOaG6iCnUwPLvRxdvEKzw7vx6Kk

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge