Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:42 11.09.2019
„ვინც ისტორია არ იცის, ის ადვილად წამოეგება ანკესზე და დაიჯერებს - ადრეც ვთქვი და გავიმეორებ: გერმანიის მაგალითი საქართველოსთვის არ გამოდგება“

სიმონ კილაძის ბლოგი „ანდერს ფოგ რასმუსენის ინტერვიუსთან დაკავშირებით“:

 


მერამდენედ უნდა მოვისმინოთ ლექცია გერმანიის პრეცედენტზე? ვინც ისტორია არ იცის, ის ადვილად წამოეგება ანკესზე და დაიჯერებს. ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: გერმანიის მაგალითი საქართველოსთვის არ გამოდგება, იმ დროს სრულიად განსხვავებული პროცესები და მოვლენები მიმდინარეობდა და საკითხის ასე მარტივად წარმოჩენა უცოდინარობის მანიშნებელია, გინდაც მისი მთქმელი გიორგი მარგველაშვილი, ლუკ კოფი, კურტ ვოლკერი და ბოლოს ანდერს ფოგ რასმუსენი იყოს. გერმანიის ნატოში გაწევრიანების ისტორია ოკუპირებული ზონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად - გდრ-სა და გფრ-ს გამოცხადებასთან არის დაკავშირებული. ვიცით ეს ისტორია დეტალურად? ვინმეს ახსოვს, რომ ორივე გერმანიას ერთმანეთი დე-იურედ ჰყავდათ აღიარებული გფრ-ის ნატოში გაწევრიანების შემდეგ? და რომ ორივე გერმანია გაეროს სრულუფლებიანი წევრები იყვნენ გაერთიანებამდე? ჰოდა, თუ ვინმეს გახსოვთ, მაშინ ამ თემით დაინტერესებულმა რასმუსენების ნათქვამი არ უნდა დაიჯეროს და უფრო სხვა ძლიერი პრეცედენტი უნდა მოძებნოს (თუ იპოვის). კარგი იყო, რომ ჟურნალისტს სცოდნოდა ნატოში მიღებასთან დაკავშირებული მომენტები...


1970-80-იანი წლების შუახანებამდე ნატოში გაწევრიანება ბევრად უფრო იოლი იყო, ვიდრე დღეს. საკმარისი იყო რომელიმე ევროპულ სახელმწიფოს ეთქვა, საბჭოთა კავშირი მავიწროვებს, მემუქრება, ტერიტორიებს მართმევს, ბუნტს მიწყობს და ა.შ., რომ ბრიუსელი დიდხანს არ ყოყმანებდა.. რა დემოკრატია, რის რეფორმები... "განცხადებაში" დააფიქსირებდი, რომ ჩემი ერთადერთი იმედი ჩრდილოატლანტიკური ალიანსში მიღებაა, მოსკოვი მემუქრება და მიშველეთო. ვერდიქტი ყოველთვის დადებითი იყო. დაახლოებით ასე მიიღეს თურქეთი, გფრ და სხვები.. საბჭოთა კავშირის დაშლას მსოფლიო სოციალისტური სისტემის დაშლაც მოჰყვა და როცა ნატოში მიღების მსურველები ძალიან მომრავლდა, სწორედ მაშინ დააწესეს შეზღუდვა - "მაპ"-ის პირობებს თუ შეასრულებ, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიგიღებთო (დემოკრატიული მართვის სისტემა, სამხედრო რეფორმები, კანონის უზენაესობა, ტერიტორიისა და საზღვრების კონტროლი...). ბოლო ათი და უფრო მეტი წელია, რომ "მაპ"-ის გარეშე, პირდაპირ, ნატოში არავინ მიუღიათ.


ნატოში წევრად მიღება დღეს უდიდეს პასუხისმგებლობასაც გულისხმობს როგორც ალიანსში შემსვლელი სახელმწიფოსათვის, ასევე დასტურის მიმცემი ქვეყნისთვისაც... მით უმეტეს, როცა არასტაბილურ რეგიონში ცხოვრობ... მით უმეტეს, როცა პრობლემები გვაქვს... ბრიუსელში ნატოელთა უმეტესობას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ნატოს ხელშეკრულების (წესდების) მე-5 მუხლის პრინციპი (ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის) ერთი მხრივ, ძალზე კეთილშობილურია, მაგრამ მეორე მხრივ, საფრთხისშემცველიც ჩვენნაირი ქვეყნების მიღების შემთხვევაში... ამიტომ ერიდებიან ჩვენს მიღებას...ამიტომაც სულ ერთსა და იმავეს გვიმეორებენ...

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge