Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:45 11.09.2019
11 სექტემბერი იდგა, 1795 წლის 11 სექტემბერი - დიდი ღალატის და დიდი გმირობის დღე

გუჯა ბიძია-ს ბლოგი:

 

სულ ხუთი ათასი მეომრით გავიდა ველზე. აქედან ორი ათასი იმერელით. წინ 35 ათასიანი ჯარით სპარსი საჭურისი ედგა. ცა არ ჩანდაო, მათ ზემოთო, დაწერს მერე, მემატიანე. ულ ტყუილად მოექცა თვალი, ჩრდილოეთისკენ მაცქერალი. გეორგიევსკის ხელშეკრულების დადებიდან უკვე მერამდენედ უღალატა რუსმა და დატოვა მართლაც ხელშეკრული. თუმცა რუსი რა, მოღალატე ქართველის მეტი რა ჰყავდა მაშინ გვერდით. გასვენებაში რომ ოთხჯერ მეტს მოაგროვებ ვიდრე ომში, ხო ბედის ირონიაა, მაგრამ ეს ჯერ არ იცის. არც არასდროს უფიქრია სიკვდილზე. 75 წლის რომ ხარ და შვილები და შვილიშვილები რომ შენს გვერდით ომობენ, სიკვდილზე როგორ უნდა იფიქრო, როცა დამარცხებაზე ფიქრიც არ გინდა. ომობდა კიდეც ყმაწვილკაცივით და იმ დღეს გამარჯვებით მობრუნდა ქალაქისკენ. ვერც წარმოიდგენდა აღა მაჰმად ხანი , სულ ხუთი ათასი კაცი რო ებრძოდა. და ისე რო ებრძოდა, ერთი რო ათი გეგონებოდა. ის იყო კიდეც, აყარა ბანაკი და მსტოვრებმა ახარეს და სულ წვრილად ჩაუთვალეს ვინ , რამდენი და სად ყავდა ერეკლეს.

 

გამთენიისას ორი მხრიდან მოადგნენ ქალაქს სპარსელები. ერეკლეც ელოდა და იდგა. ყველგან იდგა, ერთი მუჭა ქართველებით. სულ სამიათასამდე კაცით, თითზე ჩამოსათვლელი ქართველებით. დაწერს ამასაც მემატიანე, და რომ მოენდომებინა ლამის სახელებითაც შეეძლო ჩამოეთვალა, და ღირსიც იქნებოდა თითოეული მათგანი ხსენებისა. თითქმის ყველა სამუდამოდ დარჩა იმ დღეს კრწანისის ველზე. 300 არაგველიც დაეცაო იმ დღეს, მანამდე ლამის შაჰის კარავს მიატანეს და დროშები დაუხიესო თვალწინ. ერეკლეს 200 ერთგული თათარიც ამოხოცეს იმ დღეს სპარსელებმა, ორი ათეული მეზარბაზნე, და მათი მცველები, იმერლები, და ათას ომში გამოცდილ მეომარზე რაღა ითქმის, მაჩაბელის მსახიობებიც იმ დღეს დაეცნენ და ისე ლამაზად, და სიმღერით, სიკვდილს მოანატრებდნენო მნახველს. შუა ალყიდან ძალით გაიყვანეს ერეკლე მეფე, 150 კაცით გააღწიაო სამშვიდობოს.
სამშვიდობო თუ ერქვა იმ ადგილს , სადაც ჩაიტანეს იმ დღის ამბავი.


11 სექტემბერი იდგა. 1795 წლის 11 სექტემბერი. დიდი ღალატის და დიდი გმირობის დღე. და იხსენებ ამ ამბებს და მერე ზუსტად სამი წლის შემდეგ ერეკლე მეფის გასვენებაში მისული ოცი ათასი მორთულ - მოკაზმული მხედარიც გახსენდება, და მის მერეც დღემდე ყველა ის მომენტი, როცა ომის დროს ყველა საკუთარი ბებიის გასვენებაშია, ხოლო, როცა გმირი კვდება, ყველა გმირის გასვენებაში, თავმომწონედ და აღარ გიკვირს ის, რაც ხდება დღეს, კრწანისის ომიდან ორი საუკუნის შემდეგ. აღარაფერი აღარ გიკვირს, აღარაფერი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge