Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:45 17.09.2019
ვინ არის პრეზიდენტის მიერ შეწყალებული კიდევ ერთი მკვლელობაში ბრალდებული - ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მაღალჩინოსანი

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მარიამობის დღეს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა შორის კიდევ ერთი მკვლელობაში ბრალდებულია.

 

მათივე ინფორმაციით, „მთავარმა არხმა“ ჯერ კიდევ 17 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა მკვლელობაში მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძე. ნადირაძე 2013 წლის 26 აპრილს თბილისის ინტერპოლის ბიუროდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩეხეთში დააკავეს, რის შემდეგაც ის საქართველოს გადასცეს. ზურაბ ნადირაძე 1994 წლიდან ძებნილი იყო, 2000 წლიდან კი - ინტერპოლის წითელი ცირკულარით. საქართველოს შსს-ს ცნობით, ჩეხეთის პოლიციამ ნადირაძე არაერთხელ დააკავა, თუმცა სასამართლო ექსტრადიციის მოთხოვნას არ აკმაყოფილებდა. როგორც ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე 2010 წელს განაცხადა მომხსენებელმა ფრანტიშეკ დუხონმა, „არსებობს სერიოზული საფუძველი ვიფიქროთ, რომ ნადირაძეს საქართველოში სასტიკი მოპყრობა და სასჯელი ელის“.

 

1994 წელს თბილისში დაბადების დღეზე ატეხილი ჩხუბისას ოთხი ადამიანი დაიჭრა ცეცხლსასროლი იარაღით. ერთი მათგანი, გიორგი ქოიავა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ზურაბ ნადირაძე ამტკიცებდა, რომ არ ჩაუდენია მკვლელობა და პოლიტიკური მოტივებით დევნას განიცდის, როგორც ჩამოგდებული პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი. სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. განსაკუთრებული უკმაყოფილება მოჰყვა ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, რამაზ დევაძის შეწყალებას, წერს რადიო თავისუფლება.

 

აქვე გთავაზობთ სტატიას, რომელიც geotimes.ge-მა 2017 წელს გამოაქვეყნა. წერილში ზურაბ ნადირაძის შესახებ ბევრი საინტერესო დეტალია წარმოდგენილი: 

 

ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის - ზურაბ ნადირაძის დეპორტაციას მოახდენს. მისი ექსტრადირების საკითხის განხილვა 20 წელიწადზე მეტ ხანს გრძელდებოდა. მკითხველს შევახსენებთ, რომ ზურაბ ნადირაძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის თხოვნით, ჩეხეთში 1996 წელს დააკავეს. 1994  წლის იანვარში მან, ზურაბ ნადირაძემ, გრიბოედოვის ქუჩაზე, თითქოსდა ცეცხლსასროლი იარაღიდან, ჩხუბის დროს გიორგი ქოიავა, გრიგოლ ნატროშვილი, გიორგიმ კირკიტაშვილი და იოსებ ქოიავა დაჭრა, რომელთაგან ერთ-ერთი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.


საქართველოს პოლიციამ ზურაბ ნადირაძე „ხულიგნური განზრახვით“ მკვლელობაში დაადანაშაულა, თუმცა მან ქვეყნის დატოვება მოასწრო და ბუდაპეშტში გადავიდა, სადაც საკუთარი კომპანია გახსნა. სხვათა შორის, ყოფილ ჩინოვნიკზე ძებნა გამოცხადდა და მას დაუსწრებლად 18 წლით საპყრობილეში ყოფნა აღკვეთა მიუსაჯეს. თვითონ ზურაბ ნადირაძე აცხადებს, რომ არანაირი მკვლელობა არ ჩაუდენია და მის სამართლებრივ დევნას პოლიტიკური მოტივები აქვს: თითქოსდა იგი მიუღებელი პიროვნება გახდა საქართველოს სათავეში მდგომი მმართველი წრეებისათვის, კერძოდ კი ედუარდ შევარდნაძისათვის, რომელიც თავდაპირველად ჯერ [სახელმწიფო საბჭოს], შემდეგ კი ქვეყნის პრეზიდენტი იყო.


საქართველოს ხელისუფლების სურვილს მისი ექსტრადირების თაობაზე ბატონი ზურაბ ნადირაძე იმით ხსნის, რომ მას თავის დროზე საიდუმლო მონაცემების გაცნობის ნებართვა გააჩნდა. იგი დარწმუნდა, რომ ქვეყნის ხელისუფლება რუსეთთან ფარულად თანამშრომლობდა. „მე მქონდა ჩანაწერი, რომელშიც რუსი ოფიცრები ჰყვებოდნენ, თუ როგორ მიმართა ედუარდ შევარდნაძემ კრემლს სამხედრო დახმარების გაწევის მიზნით, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ერთგული ძალების წინააღმდეგ. ასეთი მოქმედება ეწინააღმდეგებოდა ედუარდ შევარდნაძის განცხადებას, რომელიც თითქოსდა მოსკოვისაგან ქვეყნის სრული დამოუკიდებლობის მომხრე იყო“, - განაცხადა ზურაბ ნადირაძემ ჩეხეთის გამოცემა „ნოვინკი“-სათვის მიცემულ ინტერვიუში.


თავდაცვის სამინისტროს ექს-მაღალჩინოსნის თქმით, ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ მიმართული მის ხელთ არსებული კომპრომატის შესახებ გაიგო შოთა კვირაიამ, რომელიც იმ დროს საქართველოს უშიშროების სამინისტროს ხელმძღვანელობდა (იგი 2011 წელს მოსკოვში გარდაიცვალა): „შოთა კვირაიამ ისარგებლა იმით, რომ მე იმ რესტორანში ვიყავი, სადაც სროლა ატყდა... მიუხედავად იმისა, რომ მე სულ სხვა სართულზე ვიჯექი და რესტორნიდან სროლის ატეხვამდე წავედი, პოლიციამ მომხდარ ფაქტში მე დამადანაშაულა“, - ამბობს ზურაბ ნადირაძე, რომელსაც ინტერპოლი 2000 წლიდან ეძებს.

 

ჩეხეთის პოლიციამ ზურაბ ნადირაძე რამდენჯერმე დააკავა, მაგრამ სასამართლო ექსტრადირების შესახებ საქართველოს მოთხოვნას თხოვნას არ აკმაყოფილებდა. ზურაბ ნადირაძის მტკიცებით, მისი პირველივე დაკავების დღიდან ჩეხეთის სამართალდამცველ ორგანოებს ქართული პოლიციის მიერ შედგენილი იმ ოქმის გაცნობას სთხოვდა, რომელიც მან ქართულიდან ჩეხურ ენაზე გადათარგმნა. „მე პატიმრობის მოხდის მზადყოფნა გამოვხატე, თუ ვინმე ამ ოქმში ჩემი ბრალის მტკიცებულებებს ნახავდა. ამ დოკუმენტში მსგავსი არაფერი არ არის, რადგან მე მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩამიდენია“, - ამბობს ზურაბ ნადირაძე, რომელმაც ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თავშესაფრის მიღების თხოვნით მიმართა.


მაგრამ ჩეხეთის იუსტიციის სამინისტრო დაეთანხმა საქართველოს მორიგ თხოვნას ზურაბ ნადირაძის ექსტრადირების თაობაზე. შესაბამისად, რამდენიმე უფლებადამცველი ორგანიზაციის პროტესტის მიუხედავად, იგი საქართველოს ხელისუფლებას გადაეცემა. „ჩემი კლიენტის დეპორტირება იუსტიციის მინისტრმა რობერტ პელიკანმა 12 იანვარს დაადასტურა“, - ამბობს ზურაბ ნადირაძის ადვოკატი იან სხეიბალი. იუსტიციის სამინისტროში „პრაჟსკი ტელეგრაფის“ კითხვა უპასუხოდ დატოვეს. თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოში შეგვახსენეს, რომ 2016 წლის ივლისში მათ არ დაუკმაყოფილებიათ ზურაბ ნადირაძის ის სარჩელი, რომლის მიხედვით, იგი ჩეხეთის პოლიციას უჩივის თავშეფრის მიცემაზე უარის გამო.

 

ამჟამად ზურაბ ნადირაძე, ადვოკატთან ერთად,  იმ დოკუმენტებს აგროვებს, რომლებიც აუცილებელია ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოსადმი მიმართვისთვის: „ბარგი უკვე ჩალაგებული მაქვს, მაგრამ საქართველოში არ დავბრუნდები, მე იქ ციხე მელოდება. უკან არ დავიხევ და ჩემი უფლებების დაცვისათვის ბრძოლას გავაგრძელებ“, - განაცხადა მან.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge