Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:37 18.09.2019
პრეზიდენტის მეორე "სამწუხარო აცდენა“

"პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მარიამობის დღესასწაულზე შეწყალებული პატიმრების 34-კაციანმა სიამ საზოგადოებაშიც და "ქართულ ოცნებაშიც“ მკვეთრი კრიტიკა და პროტესტი გამოიწვია. საქმე ისაა, რომ შეწყალებულ მსჯავრდებულთა შორის ორი გახმაურებული მკვლელობის მთავარი ფიგურანტები აღმოჩნდნენ. ერთ მათგანი გახლავთ პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის გასამართლებული რ.დ., ხოლო მეორე - ა.ბ., რომელიც დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. "მე პირადად მკვლელების შეწყალებას არ მოვიწონებდი“, "მიუღებელია“,"აუცილებელია დარეგულირდეს ეს თემა“ - ასე ეხმიანებიან "ქართული ოცნებისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მათივე მხარდაჭერილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ამ გადაწყვეტილებას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, პრეზიდენტის მეორე "სამწუხარო აცდენა“/"იძახდა ზურაბიშვილი შეწყალება გაიტანეთ ჩემგანო. არ დაუჯერეს და ახლა შეცდომას შეცდომაზე უშვებს...“

 

"საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა. მისივე თქმით, საჭიროა შეწყალებამდე კარგად იქნას შესწავლილი ესა თუ ის მსჯავრდებული. „ეს განსახილველი საკითხია და ჯერ არ ვიცი პროცესი როგორ წავა. ფაქტია, რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი შეცდომა თუ ხარვეზია, ან გასარკვევია ვინ ცდილობს ხოლმე პრეზიდენტის შეცდომაში შეყვანას. „საჭირო იყო თითოეულ მათგანზე მეტი დაფიქრება. ყოველ შემთხვევაში, მექანიზმი აშკარად დასახვეწია და თავად პრეზიდენტიც გამოთქვამს ამაზე მზაობას. ეს ფაქტები ვერ ამიხსნია და ვერ უძლებს ვერავითარ ლოგიკას. „არ ვიცი შეწყალების სია პარლამენტში, იუსტიციაში თუ სად გაიფილტრება, მაგრამ თითოეულ მათგანზე უნდა განიხილოს არა მარტო მუხლებით, არამედ საკმაოდ უნდა იყოს შესწავლილი ესა თუ ის მსჯავდებული, რომლის შეწყალებაზეც იქნება საუბარი. ამ ორივე შემთხვევაში მთლიანად საზოგადოება რაღაც ფაქტის წინაშე დავდექით. „თავისთავად ეს ჩვენი მორალური პასუხისმგებლობაა იმიტომ, რომ დავუჭირეთ მხარი, გავიდა პრეზიდენტად და ახლა ვფიქრობ, რომ გაცილებით მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ასეთ საქმეებს. ალბათ როგორც მიუტანეს სია, პირდაპირ მიიღო და ხელი მოაწერა. ეს ერთი პაკეტი და ერთიანი შეწყალება იყო, ამიტომ ხელმოწერაც ერთი იყო. „აუცილებელია, რომ პრეზიდენტი მომავალში სიფრთხილით მოეკიდოს ასეთ რაღაცებს იმიტომ, რომ, ბუნებრივია, ეს მორალურადაც და ისედაც რასაკვირველია გვაზარალებს“, -აცხადებს ქანთარია”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"მისივე თქმით, პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი არ განიხილება. იმპიჩმეტზე და ასეთ რამეზე ლაპარაკი არ ყოფილა. შემდგომში აუცილებელია გაცილებით მეტი სიფრთხილით და პასუხისმგებლობით მოკიდება ისეთ მგრძნობიარე აქტზე, როგორიცაა შეწყალება. მართალია, ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება ამას გაფაციცებით არ უყურებს, ან არ განიცდის. „პრეზიდენტის იმპიჩმენტის შემთხვევაში ალბათ დანაშაულებები უნდა იყოს რაღაც ისეთი, რომლის გამოც იმპიჩმენტის საკითხიც შეიძლება დადგეს და ამ შემთხვევაში ჩვენ არ მოგვწონს ეს ფაქტი, როგორც მოიქცა, თუმცა ეს აბსოლუტურად მის სფეროში შედიოდა, ეს მისი გადაწყვეტილება იყო და ამის უფლება ჰქონდა, ოღონდ ამისი შედეგი საკმაოდ ცუდია“, - აცხადებს ქანთარია. აღსანიშნავია, რომ პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალების ფაქტის გახმაურების შემდეგ, ორიოდე კვირის წინ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ფეისბუქით“ გაავრცელა განცხადება, სადაც მომხდარს „სამწუხარო აცდენას“ უწოდებს და ინიციატივით გამოდის, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან და შესაბამის უწყებებთან ერთად დაიხვეწოს და სრულფასოვანი გახდეს შეწყალების აქტი”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"ჩემს მიერ გამოცემულმა შეწყალების აქტმა, რომელიც მიღებული იყო სრულიად გულწრფელად და ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ჩემთვის ეს ძალიან სამწუხაროა, რამეთუ შეწყალების აქტმა, წესით, პრეზიდენტის და საზოგადოების ერთიანი სულისკვეთება უნდა ასახოს და ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით უნდა იქნას გაზიარებული როგორც ჰუმანური აქტი; ის არ უნდა გახდეს მათ შორის უნდობლობის საფუძველი. იმისთვის, რომ სამომავლოდ ასეთი სამწუხარო აცდენა აღარ განმეორდეს, გამოვდივარ პრინციპული ინიციატივით, რათა დავაჩქაროთ ჩემს ადმინისტრაციაში დაწყებული პროცესი და საკანონმდებლო ორგანოსთან და შესაბამის უწყებებთან ერთად დავხვეწოთ შეწყალების გამოყენების უფლება, რათა იგი შენარჩუნდეს როგორც ჰუმანური გამონაკლისი და შემცირდეს ის რისკები, რომლებიც ამ პროცესს ყოველთვის თან ახლდა“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში”, - დასძენს გამოცემა.

 

"იძახდა ზურაბიშვილი შეწყალება გაიტანეთ ჩემგანო. არ დაუჯერეს და ახლა შეცდომას შეცდომაზე უშვებს. იმედია დაუბრუნდებიან ამ საკითხს და გაასწორებენ. რა თქმა უნდა, სიტუაციის ასე დატოვება არ შეიძლება“, - ასე შეაფასა შექმნილი ვითარება „რეზონანსთან“ საუბრისას პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ. „რეზონანსის“ კითხვაზე, პრეზიდენტთან დაკავშირებული სკანდალების სიმრავლიდან გამომდინარე, რამდენად მოსალოდნელია სალომე ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ურთიერთობის მკვეთრად გაუარესება, საყვარელიძე აცხადებს, რომ „ჯერ ადრეა ასეთი პროგნოზები“. იგი თეორიულად არც პრეზიდენტის იპიჩმენტს გამორიცხავს. „ასეთი ადვილი არაა იმპიჩმენტის საკითხის დაყენება, შეცდომების გარდა იმპიჩმენტის უკან დანაშაული უნდა იყოს და თუ აღმოჩნდება, რომ მიზეზი ამ გადაწყვეტილებებისა დანაშაულია, რა თქმა უნდა, იმპიჩმენტის საკითხი დადგება. მაგრამ თუ აღმოჩნდა, რომ ეს უბრალო შეცდომებია, მაშინ იზრუნებენ იმაზე, რომ უბრალოდ მექანიზმი გამოსწორდეს ისე, რომ შეცდომების დაშვების საშუალება აღარ ჰქონდეს არავის და მათ შორის არც პრეზიდენტს“, - განაცხადა საყვარელიძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

ავტორ(ებ)ი : რეზონანსი