Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:44 18.09.2019
დგას თუ არა მსოფლიო ახალი დიდი ომის წინაშე?!

ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში - ამირან სალუქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"ხურაისის გადამამუშავებელი ქარხნის დაბომბვის შედეგად, საუდის არაბეთს უდიდესი ზიანი მიადგა. ფაქტიურად გაანახევრა საუდის არაბეთის ნავთობის საექსპორტო პოტენციალი. ხურაისში ხდებოდა მოპოვებული ნავთობის საექსპორტოდ მომზადება.

იემენის ხუსიტებმა მომხდარზე პასუხისმგებლობა მყისიერად აიღეს. თუმცა არსებობს მოსაზრებები, რომ ასეთი მასშტაბის საჰაერო შეტევას იემენი ვერ განახორციელებდა და ბევრი, მ.შ. აშშ, მიიჩნევს, რომ მომხდართან კავშირი ირანს აქვს.

რუკაზე შეგიძლიათ ნახოთ, რომ იემენის საზღვრიდან ხურაისი დაახლოებით 800-1000 კმ-ით არის დაშორებული. ასეთ მამძილზე დრონებით ან ფრთოსანი რაკეტებით იერიშის მიტანა ნაკლებდამაჯერებელია.

ხურაისი გაცილებით ახლოსაა ირანის ტერიტორიიდან ან სპარსეთის ყურედან, რომელსაც ირანი და საუდის არაბეთი აკონტროლებენ.

ტრამპმა განაცხადა, რომ ის დაელოდება გამოძიების შედეგებს, მიუძღვის თუ არა ბრალეულობა ირანს და ამის შემდეგ გადაწყვეტს როგორ იმოქმედებს. აქვე დასძინა, რომ აშშ სრულ მზადყოფნაშია.

პარალელურად, მედიაში, სულ უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება ხურაისის დაბომბვასთან ირანის კავშირთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი ხდება ირანის მიერ, პერიოდულად, უცხოური ნავთობტანკერების დაკავების ფონზე.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ირანი იწვევს ამერიკას.

რაც შეეხება იემენს, იქ 5 წელია ომი მიმდინარეობს იემენსა და საუდიტებს შორის. ამ ომის შესახებ ჩვენს მედიაში ინფორმაცია თითქმის არ არსებობს. ვისაც გახსოვთ ჩემი ვრცელი ვიდეო ბლოგი სირიის შესახებ, გემახსოვრებათ, რომ ძალიან მოკლედ იემენსაც შევეხე.

არ ჩავუღრმავდები იემენის კონფლიქტის მიზეზებს, რომელიც 5 წლის წინ მოქმედი და ყოფილი ლიდერების დაპირისპირებით დაიწყო, არც ირანის კავშირებს იემენთან. ეს ცალკე, ვრცელი თემაა. შემოვიფარგლოთ ამჟამინდელი ინციდენტით.

მსგავსი მასშტაბის ზარალის ჩაყლაპვა შეუძლებელია. ან უნდა მიიღონ ვერსია, რომ იემენელი ჰუსიტების განხორციელებულია, ან, თუ ირანის ვერსიაზე შეთანხმდებიან, იძულებულნი იქნებიან სათანადოდ უპასუხონ.

რა ტიპის პასუხი იქნება?

ფართომასშტაბიანი ომი ირანთან, სიგიჟეა. ეს მთლიანად არევს ახლო აღმოსავლეთს და მიმდებარე რეგიონებს.

შემოიფარგლებიან მხოლოდ სარაკეტო და საავიაციო დარტყმებით? ეს ვითარებას დაძაბავს, გარანტირებულ შედეგს არ გამოიღებს.

გამკაცრდება სანქციები? არც ეს მოიტანს შედეგს.

ვიხილავთ აშს-ირანის უმაღლესი დონის მოლაპარაკებებს? ვნახოთ. გამორიცხული არაა.

ხურაისის დაბომბვამ ნავთობის ფასის მკვეთრი ზრდა გამოიწვია, თუმცა მალევე ოდნავ გაიაფდა. დაძაბულობის ზრდა, მსგავსი აქტების განხორციელება ან სამხედრო დაპირისპირება სერიოზულ ეკონომიკურ რყევებს გამოიწვევს. ან ნავთობზე ფასების მკვეთრ ვარდნას მივიღებთ, როგორც 2014-ში, ან მკვეთრ ზრდას, 100 დოლარზე ზემოთ, რაც ასევე ცუდად აისახება მსოფლიო ეკონომიკაზე.

ვიმედოვნებ, თუ გსურთ პროგნოზად მიიღეთ, მსოფლიო ლიდერები ამ ყველაფერს აცნობიერებენ და შედარებით რბილ სცენარს მივიღებთ.

P.S. კოლეგებს და მედიას ვთხოვ ამ დაძაბულობის გამო ნუ დავიწყებთ ახლიდან შესაძლო ომის კავკასიაზე გავლენების და რუსეთის ქმედებების განხილვას. არაა ჩვენს ინტერესებში ღიად ასეთი განხილვების აგორება და ვკონცენტრირდეთ ახლო აღმოსავლეთზე. გადაღეჭილია ეს სცენარები." - წერს სალუქვაძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge