Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:00 19.09.2019
“ეს მინიმუმ იმპიჩმენტის საფუძველია”

“როდესაც შენ შენს წინამორბედს აკრიტიკებდი და კონცეპტუალურად შეწყალების ახალი ინსტიტუტის შექმნას აცხადებდი და მერე ასეთ გადაწყვეტილებებს იღებ, ჩემი აზრით, პრეზიდენტის მიმართ ეს მინიმუმ იმპიჩმენტის საფუძველია”, - ასე ეხმიანება იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ 28 აგვისტოს მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებას. მუხაშავრია ამბობს, რომ შეწყალების აქტი ის ერთ-ერთი მთავარ ფუნქციათაგანია, რომელიც დღეს პრეზიდენტს ეხება და ამასაც, მისი თქმით, უპასუხისმგებლოდ ეკიდება. აღსანიშნავია, რომ ლია მუხაშავრია ექსპრეზიდენტ მარგველაშვილის დროს შეწყალების კომისიის წევრი იყო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაშის სათაურით “ეს მინიმუმ იმპიჩმენტის საფუძველია” - რას ამბობს კომისიის ყოფილი წევრი შეწყალების ახალ სკანდალზე.

 

“ამაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია მას პრაქტიკულად აღარ დარჩა (თავისი კომპეტენციის ფარგლებში), და ამასაც ასე ზერელედ და უპასუხისმგებლოდ ასრულებს (არ ასრულებს, როცა არ ჰყავთ კომისია, არ აქვს დებულება) და იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც ძალიან საეჭვოა, რომ კორუფციულია. გავიხსენებ იმას, რომ წინა კომისიამ სამი ადვოკატი დავაჭერინეთ იმიტომ, რომ თაღლითები იყვნენ და ატყუებდნენ თავიანთ კლიენტებს, რომ ჩააწყობდნენ შეწყალების კომისიაში და შეწყალებას გაუკეთებდნენ და იხდის ეს ხალხი სასჯელს. ეს რომ ძალიან დიდ კორუფციულ რისკებთან დაკავშირებული საკითხია, პრეზიდენტმა ეს არ უნდა იცოდეს? ვინც მის მაგიდაზე დადო ის პროექტი, რომლითაც ორი მკვლელი შეწყალებულ იქნა, ეს ხომ აშკარად კორუფციული გარიგებაა? არ ვამბობ, რომ სალომე ზურაბიშვილმა პირადად ჩაიდინა კორუფციული დანაშაული, მაგრამ მის აპარატში ხომ ამით აშკარად ბოროტად ისარგებლეს. როდესაც ასეთ სათუთ საკითხზე, ასეთი ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აქვს პრეზიდენტს, ის რა თქმა უნდა არ იმსახურებს, რომ ქვეყნის პირველი პირი იყოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია.

 

“ჩვენს კომისიასაც დაგვემართა... იყო გორის ინციდენტი, როდესაც მცირეწლოვანი ბავშვის საზარელი მკვლელობა მოხდა, ამ შემთხვევაში ამ ადამიანს სასჯელი მოხდილი ჰქონდა და მხოლოდ ერთი წელი შევუმცირეთ და მეორე შემთხვევაში, რვა თვით შევუმცირეთ. იმანაც თბილისში ჩაიდინა მკვლელობა. არც ერთ ამ პირს წინა დანაშაული მკვლელობა არ ჰქონდა ჩადენილი, მათ ჰქონდათ სხვა ტიპის დანაშაული ჩადენილი, რომლისთვისაც მოხდილი ჰქონდათ სასჯელის 2/3 ნაწილი და მეტი. პატიმარი ოდესღაც ყოველთვის მოიხდის სასჯელს, თუნდაც მას ნუ შეიწყალებ და მერე, რომ გათავისუფლდება, ვინმე დააკავებს, რომ მკვლელობა არ ჩაიდინოს? ამიტომ არც ერთ შემთხვევაში, როდესაც კომისია გააკრიტიკეს, ეს არ იყო კომისიის მიერ რაიმე ფორმით ხელშეწყობილი. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ პასუხისმგებლობას ვგრძნობდით ამის გამო და ძალიან განვიცდიდით, მაგრამ ახლა რაც მოხდა, როდესაც მკვლელობაში ეჭვმიტანილი კი არა, მკვლელობისთვის მსჯავრდებული, ანუ სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ ჩაიდინა მკვლელობა და ასეთ პირს იწყალებს პრეზიდენტი და დაუყონებლივ ათავისუფლებს, ამაზეა საუბარი”, - დასძენს მუხაშავრია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge